პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთა, დაკავებულია უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე

10:53, 17.12.2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე – 2005 წელს დაბადებული ჰ.ი. და 1989 წელს დაბადებული ბ.მ. დააკავეს. ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, დაკავებულების ბარგის შემოწმების შედეგად, ჰერმეტულად დახურულ პაკეტებში მოთავსებული 1 კილო და 200 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ და 91 ელექტროსიგარეტი ამოიღეს, რომელშიც ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი სითხე იყო მოთავსებული.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მსგავსი