პოლიციამ გამოძალვის ბრალდებით უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავა
პოლიციამ გამოძალვის ბრალდებით უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თურქეთის რესპუბლიკის სამი მოქალაქე ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით დააკავეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1975 წელს დაბადებული დ.ს.-ის, 1982 წელს დაბადებული ი.ა.-ის და 1992 წელს დაბადებული ბ.ჯ.-ის მიერ ჩადენილი დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ქალაქ ბათუმში, დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს – 1987 წელს დაბადებულ ბ.ე.-ს, რის შემდეგაც იგი ავტომანქანით თბილისის მიმართულებით წაიყვანეს. გამომძალველები მობილური ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდნენ დაზარალებულის ძმას და მას 130 000 აშშ დოლარი მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ძმის – ბ.ე.-ს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.

პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, აღნიშნული ავტომობილი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში შეაჩერა და დანაშაულში მონაწილე სამივე პირი დააკავა.

გამოძიება დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.