პოლიციამ დმანისის მუნიციპალიტეტში მერაბ ოქრიაშვილის დაჭრის ფაქტზე მისივე ნათესავი, ბონდო ოქრიაშვილი დააკავა
პოლიციამ დმანისის მუნიციპალიტეტში მერაბ ოქრიაშვილის დაჭრის ფაქტზე მისივე ნათესავი, ბონდო ოქრიაშვილი დააკავა

პოლიციამ დმანისის მუნიციპალიტეტში მერაბ ოქრიაშვილის დაჭრის ფაქტზე მისივე ნათესავი, ბონდო ოქრიაშვილი დააკავა.

არსებული ინფორმაციით, როგორც დაჭრილი, ასევე დამნაშავე „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ წევრის, კახა ოქრიაშვილის ნათესავები არიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შსს-ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დმანისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1985 წელს დაბადებული ბონდო ოქრიაშვილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული სამიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის პირველ ნოემბერს, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯავახის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, თავისი ნათესავი, დმანისის საკრებულოს თავმჯდომარე, 1966 წელს დაბადებული მ.ო. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ფეხის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – ცეცხლსასროლი პისტოლეტი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.