პოლიციამ დიღმის მასივში ორი ადამიანის დაჭრის გამო ერთი პირი დააკავა
პოლიციამ დიღმის მასივში ორი ადამიანის დაჭრის გამო ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1997 წელს დაბადებული უ.გ. ცხელ კვალზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვერკში დააკავეს.

შსს-ის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, დიღმის მასივში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით ჭრილობები მიაყენა 1998 წელს დაბადებულ ე.გ.-ს და 2001 წელს დაბადებულ მ.მ.-ს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამკურნალო დაწესებულებებში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი დახმარება გაეწიათ.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.