პოლიციამ ბორჯომში მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული ა.ნ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ ბორჯომში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სტუმრად მყოფ ნაცნობს – 1965 წელს დაბადებული რ.კ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

„სამართალდამცველებმა ა.ნ ცხელ კვალზე, შემთხვევის ადგილზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.