პოლიციამ ბათუმში მკვლელობისა და დაჭრის ფაქტებზე ერთი პირი დააკავა
პოლიციამ ბათუმში მკვლელობისა და დაჭრის ფაქტებზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული ჯ.მ. განზრახ მკვლელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, ე.წ. ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების შედეგად, ორი მამაკაცი – 1977 წელს დაბადებული გ.ბ. და 1993 წელს დაბადებული გ.ა. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, გ.ბ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო გ.ა.- ს ექიმებმა შესაბამისი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

„პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. განზრახ მკვლელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტებზე გამოძება სსკ-ის 108-ე და 117-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 3-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი