არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა-შენახვისთვის ზუგდიდში ერთი პირი დააკავეს
არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა-შენახვისთვის ზუგდიდში ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული ე.რ. დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, მას ბრალად ედება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა, შენახვა, ფლობა და ასეთი ნაწარმოებით სარგებლობა.

„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოები, პირადი სარგებლობის მიზნით, წინასწარი შეცნობით შეიძინა, ფლობდა და ინახავდა. სამართალდამცველებმა, კომპლექსურად ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული ზუგდიდში დააკავეს.

პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონი, მეხსიერების ბარათები, ლაზერული დისკები, ფული და სიმბარათები ნივთმტკიცების სახით ამოიღო“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენას, შენახვას, ფლობას ან ასეთი ნაწარმოებით სარგებლობას.

დანაშაული 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.