ზვიად რატიანი - ერთმანეთს ეუბნებოდნენ, კვალის დასაფარად თმიან ადგილას ერტყათ
ზვიად რატიანი - ერთმანეთს ეუბნებოდნენ, კვალის დასაფარად თმიან ადგილას ერტყათ

თბილისის პროკურატურაში პოეტ ზვიად რატიანის გამოკითხვა გვიან ღამით 00:00 საათისთვის დასრულდა. გამოძიებას პოეტთან მის დაკავებასთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდა.

ზვიად რატიანმა 6-საათიანი გამოკითხვის შემდეგ კიდევ ერთხელ გაიხსენა მისი დაკავების ფაქტი და სამართალდამცველებს უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებაში დასდო ბრალი.

„წინასწარი დაკავების იზოლატორში ექიმმა შემამოწმა. თერთმეტი დაზიანება მქონდა თავზე, რაც თვალით ჩანდა. ყველაზე მეტი თავში მომხვდა. ერთმანეთს ეუბნებოდნენ, კვალის დასაფარად თმიან ადგილას ერტყათ. სიტყვიერი შეურაცხყოფაც იყო, ბევრს მირტყავდნენ. მეც ვაგინებდი და თან ვცდილობდი თავი დამეცვა, ისტერიულ მდგომარეობაში ვიყავი. ექვსი, შვიდი ადამიანი მცემდა“, –  განაცხადა რატიანმა.

თბილისის პროკურატურიდან ზვიად რატიანმა სხეულზე არსებული დაზიანებების ექსპერტიზისთვის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაინაცვლა.

როგორც ცნობილია, საპოლიციო კონტროლის ფარგლებში სამართალდამცველებმა პოეტი ზვიად რატიანი დააკავეს. რატიანი სამართალდამცველებს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. შსს-ში კი აცხადებენ, რომ ზვიად რატიანი იყო ნასვამ მდგომარეობაში, წინააღმდეგობას უწევდა და შეურაცხყოფას აყენებდა სამართალდამცავებს, რითაც არ აძლევდა მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შესაძლებლობას.

 

დატოვე კომენტარი