პოჩეტინომ სოლსკიაერს მანჩესტერის მთავარ მწვრთნელად დანიშვნა მიულოცა
მაურისიო პოჩეტინომ ოლე გუნარ სოლსკიაერს მანჩესტერ იუნაიტედის სრულუფლებიან მწვრთნელად დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
შეგახსენებთ, რომ ტოტენჰემის მთავარ მწვრთნელს მანჩესტერის ხელმძღვანელობა გასული წლის დეკემბერში განთავისუფლებული ჟოზე მოურინიოს შემცვლელად განიხილავდა და მასთან სეზონის დასრულების შემდეგ იმედოვნებდა კონტრაქტის გაფორმებას.
მიუხედავად ამისა, დროებით დანიშნულმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა იმდენად კარგი შედეგები აჩვენა (19 მატჩიდან 14 მოგება, ორი ფრე და სამი წაგება), რომ მანჩესტერელებმა მისი დატოვება გადაწყვიტეს: ნორვეგიელმა წითელ ეშმაკებთან სამწლიანი კონტრაქტი ხუთშაბათს, 28 მარტს გააფორმა.
პოჩეტინო აცხადებს, რომ მისი ოლდ ტრაფორდზე გადასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია მხოლოდ სპეკულაცია იყო.
„მე ჭორებზე არასოდეს ვსაუბრობ“, – განაცხადა არგენტინელმა, რომელიც გუნდს ლივერპულის წინააღმდეგ უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის ამზადებს. – „მე მას ვულოცავ და ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ“.
ტოტენჰემი ლივერპულს 31 მარტს ესტუმრება, მანჩესტერ იუნაიტედი კი 30 მარტს, საკუთარ მოედანზე, უოტფორდს დაუპირისპირდება.