პოჩეტინო - გუნდი ეიფორიიდან ჯერ არ გამოსულა
პოჩეტინო - გუნდი ეიფორიიდან ჯერ არ გამოსულა

ტოტენჰემ ჰოტსპურის მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო აცხადებს, რომ მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლის შემდეგ ჯერ კიდევ ვერ გამოსულა ეიფორიიდან.

მანჩესტერ სიტისთან სტუმრად ლონდონელებმა 4-3 დათმეს შეხვედრა, თუმცა საკუთარ მოედანზე 1-0 ჰქონდათ მოგებული და სხვის მოედანზე გატანილი გოლების წყალობით გავიდნენ შემდეგ ეტაპზე, სადაც ამსტერდამის აიაქსს დაუპირისპირდებიან.

„სეზონის დასაწყისში არავის ეგონა, რომ ფორტუნა ასე დაგვაჯილდოვებდა. ეს საოცარი ისტორია, რომელსაც ამ დღეებში ვწერთ, თავადვე გამოგვადგება შთაგონებად მომავალში“, – განაცხადა პოჩეტინომ.

მატჩის ბოლოს, მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე, როდესაც ანგარიში 4-3 იყო სიტის სასარგებლოდ, რაჰიმ სტერლინგმა მეხუთე გოლი გაიტანა, თუმცა ვიდეორეფერიმ ის ოფაიდის გამო გააუქმა.

„როდესაც სტერლინგმა გაიტანა, საშინელ ხასიათზე დავდექი. თუმცა, მერე ვიღაცამ თქვა, რომ შეიძლება თამაშგარე იყო და ვიდეორეფერი ამოწმებდა. ამ დროს თითქოს ისევ გავცოცხლდი. მესმის, რომ სიტის სათადარიგოთა სკამზე ყველაფერი პირიქით განვითარდა. ახლა ისევ ეიფორიაში ვართ. იმ ღამით არც ერთს არ გვეძინა ნორმალურად, მაგრამ აუცილებელია, რომ ეს მატჩი დავივიწყოთ და მომავალ შეხვედრებზე გავაკეთოთ კონცენტრირება“.

შაბათს, 20 აპრილს, ტოტენჰემი კიდევ ერთხელ ესტუმრება მანჩესტერ სიტის, ამჯერად საპრემიერლიგო მატჩში.