პნევმატური იარაღიდან სროლაში ევროპის ჩემპიონატი დაიწყო
პნევმატური იარაღიდან სროლაში ევროპის ჩემპიონატი დაიწყო

ხორვატიის ქალაქ ოსიეკში სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა პნევმატური იარაღიდან 10-მეტრიან დისტანციაზე სროლაში. პირველ საშეჯიბრო დღეს ასპარეზობა შერეულ წყვილებში ახალგაზრდებს შორის გაიმართა. ქართველი წყვილი, ლიზი კილაძე და აკაკი მოსულიშვილი, ფინალში ვერ გავიდნენ. მედლებისთვის ბრძოლა მხოლოდ საუკეთესო ხუთეულმა გააგრძელა. ქართველმა ტყვიის მსროლელებმა კი ჯამში 753 ქულა დააგროვეს და 35 წყვილს შორის მეთოთხმეტე ადგილზე გავიდნენ.

ხვალ შეჯიბრი ისევ ახალგაზრდებს შორის შედგება, ამჯერად ინდივიდუალური, ჯერ ვაჟებში, შემდეგ გოგონებში.

საქართველოს ნაკრები ხორვატიაში შვიდი სპორტსმენით არის წამოდგენილი. სამი მათგანი უფროსებში ასპარეზობს, ოთხი – ახალგაზრდებში. ქალებში საქართველოს ღირსებას ნინო სალუქვაძე დაიცავს, ვაჟებში – ცოტნე მაჭავარიანი და ლევან ქადაგიძე. ახალგაზრდებში ლიზი კილაძე, ნინო ხუციბერიძე, მარიამ ქობულაშვილი და აკაკი მოსულიშვილი იბრძოლებენ.