ქობულეთის „შუქურა“, რომელიც ეროვნულ ლიგაში 2020 წელს დაბრუნდა, დაკომპლექტებას განაგრძობს და მორიგი ტრანსფერები განახორციელა, – ინფორმციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
გუნდში ორი ახალწვეულია და ორივე ცენტრალური მცველია. 24 წლის ნიკა ჭანტურიას რამდენიმე ქართულ კლუბში უთამაშია – თბილისის „ლოკომოტივი“, ქუთაისის „ტორპედო“, „დინამო თბილისი“. ჭანტურიამ ბოლო ხუთი სეზონი ერონული ლიგის ბინადარ თბილისის „ლოკომოტივში“ ჩაატარა. გასულ ჩემპიონატში მან ექვს მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი საგოლე პასი გააკეთა, გუნდი კი სეზონის ბოლოს დატოვა.
ქობულეთელთა მეორე ახალწვეული უფრო გამოცდილი მცველია – 32 წლის გიორგი რეხვიაშვილი, რომელმაც კარიერა რუსთავის „მეტალურგში“ დაიწყო, უთამაშია ზუგდიდის „მგლებში“, „დინამო თბილისში“, საჩხერის „ჩიხურაში“, თურქული „ბოლუსფორსში“, თბილისის „ლოკომოტივში“, „საბურთალოში“, ბერძნულ „ლევადიაკოსში“, ბოლო სეზონი კი ლატვიის „ვენტსპილსში“ გაატარა, სადაც 20 შეხვედრა ჩაატარა.