პლანეტის ყველაზე უცნაური პრიმატის მაჯაზე მეექვსე თითი აღმოაჩინეს
პლანეტის ყველაზე უცნაური პრიმატის მაჯაზე მეექვსე თითი აღმოაჩინეს

მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოუხელთებელი და განსაკუთრებული ლემური კიდევ ერთი დიდი უცნაურობით გამოირჩევა. ცხოველს ხელებზე ექვს-ექვსი თითი აქვს და პრიმატების ერთადერთი სახეობაა, რომელიც თითოეულ მაჯაში „ფსევდო ცერა თითს“ მალავს.

თუმცა, არ გეგონოთ, რომ რადგან დამალულია, ეს თითი გამოუსადეგარია. ციცქნა დამატებით თითს ის ჩვეულებრივი თითების მსგავსად სამი გრადუსით ამოძრავებს. ძალის თვალსაზრისით ამ თითს უდიდესი დატვირთვა აქვს და გააჩნია საკუთარი ანაბეჭდიც კი.

მადაგასკარის მკვიდრი ხელფეხა, იგივე აი-აი (Daubentonia madagascariensis) საოცრად უცნაური არსებაა. აქვთ დიდი, მრგვალი თვალები და უზარმაზარი ყურები, რაც მნიშვნელოვანია მისი ღამეული ცხოვრების წესისთვის. მათი ბეწვი თხელია, გულმკერდის მხარეს თეთრი, რაც მათ რუხ შეფერილობას აძლევს.

და რა თქმა უნდა, თვალში მოგხვდებათ გრძელი, წაწვეტებული თითების მქონე ხელები. თითოეულ ხელზე ერთი თითი დანარჩენებზე სანტიმეტრით გრძელია; ეს გახლავთ ევოლუციური ადაპტაცია, რომელიც მათ ფუღურო ხეებიდან წვნიანი მატლების გამოსატანად განუვითარდათ.

ჩრდილოეთ კაროლინას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგის, ადამ ჰართსტოუნ-როუზის განცხადებით, მადაგასკარულ ხელფეხას ყველაზე უცნაური ხელები აქვს პრიმატებს შორის. მათი თითები კი უკიდურესი სპეციალიზაციით განვითარდა.

ჰართსტოუნ-როუზი, რომლის კვლევითი ლაბორატორიაც სპეციალიზებულია შედარებით ბიოლოგიასა და ფუნქციონალურ მორფოლოგიაში, ხელფეხას მკლავის მყესებს თავის კოლეგა ედუინ დიკინსონთან ერთად იკვლევდა. მოულოდნელად, მაჯაში მათ უჩვეულო გამოშვერილობა შენიშნეს.

ციფრული ვიზუალიზაციის გამოყენებით, რომლის ფარგლებშიც 3D სკანირების გზით ცხოველის სხეულის სხვადასხვა ნაწილებს დეტალურად სწავლობენ, მკვლევრებმა ექვსი ხელფეხას ხელები შეისწავლეს.

ექვსივე ცხოველის ორივე ხელში მათ იპოვეს თითი, რომელსაც „ფსევდო ცერა თითი“ უწოდეს.

ჰართსტოუნ-როუზის განცხადებით, ამ თითს აქვს როგორც ძვალი, ისე ხრტილოვანი წამონაზარდები და სამი სხვადასხვა კუნთი, რომლებიც მას ამოძრავებს. ფსევდოთითს შეუძლია ხელფეხას სხეულის წონის თითქმის ნახევარი ძალის მოკრება, რაც საკმაოდ გამოსადეგი უნდა იყოს მოჭიდებისთვის.

მართალია, ასეთი თითის აღმოჩენა უნიკალურია პრიმატებში, მაგრამ სხვა ცხოველებში ამის პრეცედენტი არსებობს. მათ შორის ყველაზე ცნობილია გიგანტური პანდა (Ailuropoda melanoleuca), რომელიც ასეთი ფსევდოთითის სტრუქტურას ასევე მალაში მალავს და იყენებს ძირითადად ბამბუკის დასაჭერად, როცა ჭამს. ფსევდოთითები აქვთ თხუნელებსა და ზოგიერთ ბაყაყსაც.

როგორც წესი, დამატებითი თითები ცხოველებს მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებს. მკვლევართა განცხადებით, მადაგასკარული ხელფეხას შემთხვევაში, მისი ხელი იმდენად სპეციალიზებულია საკვების მოპოვებაზე, რომ უფრო მოქნილობისათვის საჭირო გახდა დამატებითი თითი.

კვლევა ჟურნალ American Journal of Physical Anthropology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი