პიტსბურგის უნივერსიტეტის პროფესორი, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით მნიშვნელოვან კვლევებში მონაწილეობდა, მოკლული იპოვეს
აშშ-ის ქალაქ პიტსბურგის უნივერსიტეტის პროფესორი, რომელიც „კოვიდ-19“-თან დაკავშირებით მნიშვნელოვან კვლევებში მონაწილეობდა, საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
სამართალდამცველების განცხადებით, პროფესორი ბინგ ლიუ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით გარდაცვლილი ნახეს. პოლიციამ ასევე პროფესორის სახლთან მდგარ მანქანაში კიდევ ერთი ცხედარი აღმოაჩინა. გამოძიება ვარაუდობს, რომ რომ დაუდგენელმა პირმა ჯერ მეცნიერი მოკლა, შემდეგ კი თავის მანქანაში დაბრუნდა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
სამართალდამცველები ეჭვობენ, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი და პროფესორი ერთმანეთს იცნობდნენ.
პროფესორის მკვლელობასთან დაკავშირებით, პიტსბურგის უნივერსიტეტმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც მწუხარებას გამოთქვამს ბინგ ლიუს ტრაგიკული გარდაცვალების გამო და ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს უსამძიმრებს.
„ბინგი კორონავირუსის ინფექციის უჯრედული მექანიზმებისა და შემდეგი გართულებების ამოსახსნელად მნიშვნელოვანი აღმოჩენების ზღვარზე იყო“, -ნათქვამია მისი კოლეგების განცხადებაში.
უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის წარმოამდგენლები კოლეგას გამოჩენილ მკვლევარად აფასებენ და პირობას დებენ, რომ მის კვლევებს დაასრულებენ.