პიტერ ვიბლერი - საარჩევნო რეფორმა ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია, მინდა, დავადასტურო აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერა პროცესისადმი და პარტიებს შორის დიალოგის მიმართ
პიტერ ვიბლერი - საარჩევნო რეფორმა ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია, მინდა, დავადასტურო აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერა პროცესისადმი და პარტიებს შორის დიალოგის მიმართ

საქართველოს პარლამენტმა მიაღწია პროგრესს ცოტა ხნის წინ მიღებული პროცედურული წესების ამოქმედებით, რაც პარლამენტის მიერ მთავრობის მუშაობის ზედამხედველობის გაფართოებას ითვალისწინებს, – ამის შესახებ კავკასიაში „იუესაიდის“ (USAID) მისიის დირექტორმა, პიტერ ვიბლერმა განაცხადა.

პიტერ ვიბლერი საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ 2019 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა.

მან გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის მიერ დანერგილ სიახლეებზე, განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა და საარჩევნო რეფორმაზეც გაამახვილა ყურადღება.

„ზოგიერთი რეფორმა, კერძოდ საარჩევნო სფეროში ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია. მინდა, დავადასტურო აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერა პროცესისადმი და პარტიებს შორის დიალოგის მიმართ.

პარლამენტში ასევე სხვა რეფორმებზეც გაიმართა დებატები 2019 წელს. ეს მნიშვნელოვანია, რათა საქართველოს მოქალაქეების უფლებები დაცული იყოს. უკვე ვახსენე მაგალითები, მაგრამ კიდევ ერთხელ ჩამოვთვლი – ესენია კომერციული დავების მედიაცია, სექსუალური შევიწროების საწინააღმდეგო ინიციატივები და ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა, ასევე ბავშვების უფლებების დაცვა“, – განაცხადა „იუესაიდის“ მისიის ხელმძღვანელმა.

როგორც მან აღნიშნა, პარლამენტის მიერ დანერგილი სხვადასხვა ინიციატივა საკანონმდებლო ორგანოს საშუალებას აძლევს, საზედამხედველო მანდატი სრულად შეასრულოს.

„აუცილებელია, აღინიშნოს, რომ პარლამენტმა მიაღწია პროგრესს ცოტა ხნის წინ მიღებული პროცედურული წესების ამოქმედების მხრივ, რაც პარლამენტის მიერ მთვარობის მუშაობის ზედამხედველობის გაფართოებას ითვალისწინებს. პარლამენტმა წარმატებით დანერგა მინისტრის საათი, თემატური განხილვები და სხვა ინიციატივები, რაც მას საზედამხედველო მანდატის სრულად შესრულების საშუალებას აძლევს“, – განაცხადა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას პიტერ ვიბლერმა.