პიტერ ვიბლერი - აუცილებელია, ამოვიცნოთ და დავამარცხოთ დეზინფორმაცია, განსაკუთრებით კი 2020 წელს, როდესაც წინ გველოდება არჩევნები
პიტერ ვიბლერი - აუცილებელია, ამოვიცნოთ და დავამარცხოთ დეზინფორმაცია, განსაკუთრებით კი 2020 წელს, როდესაც წინ გველოდება არჩევნები

რა უნდა გააკეთონ სახელმწიფო სტრუქტურებმა ქვეყანაში ანტიდასავლური პროპაგანდის შესამცირებლად, – ამ თემაზე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელეს.

დისკუსიამდე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფმა ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.

როგორც პრეზენტაციის დასრულების შემდეგ საქართველოში იუესაიდის მისიის დირექტორმა, პიტერ ვიბლერმა განაცხადა, მათი ორგანიზაცია მხარს უჭერს ნებისმიერ პროგრამას, რომელიც აღმოფხვრის დეზინფორმაციას. მისივე თქმით, აუცილებელია, დეზინფორმაციის ამოცნობა და დამარცხება, განსაკუთრებით კი 2020 წელს, როდესაც საქართველოს წინ არჩევნები ელის.

​„ჩვენ აქ ვიმყოფებით, რათა მოვუსმინოთ და მხარი დავუჭიროთ პარლამენტის სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებულ ანგარიშს დეზინფორმაციისა და პროპაგანდის თაობაზე. „იუესაიდი“ მხარს უჭერს ნებისმიერ პროგრამას, რომელიც აღმოფხვრის მსგავს ინფორმაციას, ამ შემთხვევაში, დეზინფორმაციას, რადგანაც სწორედ მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება ემუქრება და საშიშია საქართველოს დემოკრატიისთვის.

„იუესაიდი“ ამაყობს, რომ ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს დავუჭიროთ მხარი ქვეყნის ძალისხმევას და აღმოიფხვრას ეს პროპაგანდა. განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ, რომ არასწორი ინფორმაციის გავრცელებას შესაძლოა მოყვეს საზოგადოების დაყოფა და საზოგადოებაში უნდობლობის ზრდა. შესაბამისად, აუცილებელია ამოვიცნოთ და დავამარცხოთ დეზინფორმაცია. განსაკუთრებით კი 2020 წელს, როდესაც წინ გველის არჩევნები, აუცილებელია, საზოგადოებას სწორი ინფორმაცია მიეწოდოს“,- აღნიშნა ვიბლერმა.