პიტერ სტანო - უკანასკნელ თვეებში ვნახეთ, რომ მოლდოვა სულ უფრო მეტად ხდება რუსეთის მხრიდან ზიანის მომტანი ქმედებების სამიზნე
პიტერ სტანო - უკანასკნელ თვეებში ვნახეთ, რომ მოლდოვა სულ უფრო მეტად ხდება რუსეთის მხრიდან ზიანის მომტანი ქმედებების სამიზნე

უკანასკნელ თვეებში ჩვენ ვნახეთ, რომ მოლდოვა სულ უფრო მეტად ხდება რუსეთის მხრიდან ზიანის მომტანი ქმედებების სამიზნე, ესაა გარე ჩარევა, დეზინფორმაცია, ჰიბრიდული თავდასხმები, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ნათელია მიზანი – ქვეყნის შერყევა და დესტაბილიზაცია, მოლდოვის რეფორმატორი, კორუფციასთან მებრძოლი და ევროკავშირის მხარდამჭერი მთავრობის შერყევა.

„ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ისეთივე შეფასება, როგორც აშშ-ს, რომ მოლდოვა რეალურად საფრთხეშია. ამასთან ერთად, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მოლდოვას შეუძლია ამ უპრეცედენტო საფრთხეებთან და გამოწვევებთან გამკლავება და ჩვენ ვაგრძელებთ მოლდოვის მხარდაჭერას მედეგობის განმტკიცებაში. ჩვენ გავაძლიერეთ მოლდოვის მხარდაჭერა სხვადასხვა სფეროში – ენერგოუსაფრთხოებაში, მაკროფინანსურ დახმარებაში, ასევე უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში, რათა მოლდოვა უკეთ იყოს აღჭურვილი, უკეთ ებრძოლოს ჰიბრიდულ თავდასხმებს და საინფორმაციო მანიპულაციებს. ჩვენი ექსპერტები უკვე მუშაობენ ერთად კიბერუსაფრთხოების გაძლიერებასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის განმტკიცებაზე. ჩვენ ასევე განვიხილავთ მოლდოვაში სამოქალაქო საექსპერტო მისიის გაგზავნას, რაც უნდა შეათანხმონ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა“, – განაცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ, რომელსაც კითხვა დაუსვეს მოლდოვაში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით და იმის შესახებ, რას აკეთებს ევროკავშირი მოლდოვის მხარდასაჭერად.

შეგახსენებთ, რომ მოლდოვაში გრძელდება საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეებიც მთავრობას მოუწოდებენ, დაფაროს ზამთრის თვეებში მოსახლეობის მიერ დაგროვილი ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გადასახადი. აქციები პარტია „შორის“ მიერ არის ორგანიზებული. აქტივისტები მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოლდოვის პრეზიდენტისა და მისი მთავრობის გადადგომას ითხოვენ.