პიტერ სტანო - ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, შეუერთდეს საავიაციო სექტორში რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, საქართველომ თავის ტერიტორიაზე რუსეთის არასაიმედო თვითმფრინავები არ უნდა დაუშვას
პიტერ სტანო - ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, შეუერთდეს საავიაციო სექტორში რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, საქართველომ თავის ტერიტორიაზე რუსეთის არასაიმედო თვითმფრინავები არ უნდა დაუშვას

ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, რომელიც მიისწრაფვის, გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, შეუერთდეს ევროკავშირის და სხვა ქვეყნების სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ საავიაციო სექტორში და ყურადღებით იყოს სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერ შესაძლო მცდელობასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველომ თავის ტერიტორიაზე რუსეთის არასაიმედო თვითმფრინავები არ უნდა დაუშვას.

„მხედველობაში მივიღეთ რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება საქართველოსთან ავიამიმოსვლის აკრძალვის მოხსნის შესახებ. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო აგრესიის გამო ევროკავშირმა და რიგმა სხვა ქვეყნებმა სანქციები დაუწესეს რუსეთის ავიაციას და ფრენები არ არის დაშვებული რუსეთიდან, რუსეთში ან მისი ტერიტორიის თავზე.

ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, რომელიც მიისწრაფვის, გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, შეუერთდეს ევროკავშირის და სხვა ქვეყნების სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ საავიაციო სექტორში და ყურადღებით იყოს სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერ შესაძლო მცდელობასთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი პრობლემების ფონზე, რომლის შესახებ გაერო-ს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ICAO) რუსეთს აცნობა, საქართველომ მის ტერიტორიაზე რუსეთის არასაიმედო თვითმფრინავები არ უნდა დაუშვას.

ევროკავშირის სანქციების გამო რუსეთის საჰაერო ფლოტის 95%-ს აღარ შეუძლია თავისი თვითმფრინავების განახლება და მოდერნიზება, რაც აუცილებელია საერთაშორისო ტექნიკური და უსაფრთხოების სტანდარტების შესანარჩუნებლად“, – განაცხადა პიტერ სტანომ.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გუშინ გამოსცა განკარგულებები, რომლებიც საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას და პირდაპირი ფრენების აღდგენას ითვალისწინებს.

საქართველოსთან რუსეთს სავიზო რეჟიმი ცალმხრივად ჰქონდა დაწესებული. რუსეთის ფედერაციასთან სავიზო რეჟიმი 2012 წელს მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით გაუქმდა. მანამდე კი, 2010 წლის ოქტომბერში სავიზო რეჟიმის გაუქმება რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების მცხოვრებლებს შეეხოთ.