პიტერ სიიარტო - ვწყვეტთ დიზელის საწვავის მიწოდებას უკრაინაში და ეს არ განახლდება, ვიდრე ნავთობი ისევ არ დაიწყებს შემოსვლას ნავთობსადენ „დრუჟბით“
პიტერ სიიარტო - ვწყვეტთ დიზელის საწვავის მიწოდებას უკრაინაში და ეს არ განახლდება, ვიდრე ნავთობი ისევ არ დაიწყებს შემოსვლას ნავთობსადენ „დრუჟბით“

უნგრეთი ნავთობსადენ „დრუჟბის“ ამოქმედებამდე აჩერებს უკრაინისთვის დიზელის მიწოდებას. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა წყვეტს უკრაინისთვის დიზელის საწვავის მიწოდებას, ვიდრე არ აღდგება ნავთობის ტრანსპორტირება ნავთობსადენ „დრუჟბით“. ამის შესახებ უნგრული მედია იუწყება.

გავრცელებული ცნობით, სიიარტო მთავრობის სხდომაზე უნგრეთში ნავთობის მიწოდების მდგომარეობის შესახებ ანგარიშით მას შემდეგ წარდგა, რაც ნავთობსადენ „დრუჟბით“ ნედლეულის მიწოდება შეწყდა.

მისი თქმით, ნავთობის გადაზიდვა ამ დრომდე არ განახლებულა „უკრაინის პოლიტიკური გადაწყვეტილების გამო“.

„ჩვენ ვწყვეტთ დიზელის საწვავის მიწოდებას უკრაინაში და ეს არ განახლდება, ვიდრე ნავთობი ისევ არ დაიწყებს შემოსვლას ნავთობსადენ „დრუჟბით““, – განაცხადა სიიარტომ.

მისივე თქმით, უნგრეთს ამჟამად აქვს ნავთობის სტრატეგიული მარაგები, რომლებიც 96 დღეზეა გათვლილი, ამიტომ მოკლევადიან პერსპექტივაში შეშფოთების მიზეზი არ არსებობს.

სიიარტომ ასევე აღნიშნა, რომ უნგრულმა კომპანიამ უკვე შეუკვეთა რუსული ნავთობის პირველი პარტიები, რომლებიც ხორვატიის გავლით, ზღვით იქნება ტრანსპორტირებული უნგრეთში.

მანამდე ბუდაპეშტმა და ბრატისლავამ ხორვატიას სთხოვეს, რუსული ნავთობის მიწოდება უნგრეთსა და სლოვაკეთში ადრიატიკის ნავთობსადენით განხორციელდეს.