პიტერ სიიარტო - ვისურვებდით, შეგვეტანა ჩვენი წვლილი შუა დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდაში, ამ კუთხით სამაგალითო თანამშრომლობა გვაქვს აზერბაიჯანთან, საქართველოსა და რუმინეთთან
პიტერ სიიარტო - ვისურვებდით, შეგვეტანა ჩვენი წვლილი შუა დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდაში, ამ კუთხით სამაგალითო თანამშრომლობა გვაქვს აზერბაიჯანთან, საქართველოსა და რუმინეთთან

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს განაცხადებით, ბუდაპეშტი დაინტერესებულია შუა დერეფნის განვითარებით. ამის შესახებ განცხადება მან აზერბაიჯანულ მედიასთან ინტერვიუში გააკეთა.

მისი თქმით, ამ კუთხით, „შუა მწვანე დერეფნის“ ფარგლებში უნგრეთი თანამშრომლობს აზერბაიჯანთან, საქართველოსა და რუმინეთთან.

„ჩინეთი ამჟამად არის უნგრული ეკონომიკისთვის რიგით მეორე იმპორტის წყარო. უნგრეთი არის ნომერ პირველი ქვეყანა ჩინური ინვესტიციებისთვის ცენტრალურ ევროპაში. ჩვენ სულ უფრო მეტ ენერგორესურსებს ვყიდულობთ ამ რეგიონში, მათ შორის ნავთობს ყაზახეთიდან და ბუნებრივ აირს აზერბაიჯანიდან. ამიტომ ჩვენ აბსოლუტურად დაინტერესებულები ვართ აზიასა და ევროპას შორის მარშრუტების გამტარუნარიანობის გაზრდით. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვისურვებდით, შეგვეტანა ჩვენი წვლილი შუა დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდაში, იქნება ეს სატრანსპორტო მარშრუტი, რკინიგზა თუ ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება. ამ კუთხით ჩვენ სამაგალითო თანამშრომლობა გვაქვს აზერბაიჯანთან, საქართველოსა და რუმინეთთან პროექტ „შუა მწვანე დერეფნის“ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს „მწვანე ენერგიის“ ტრანსპორტირებას კასპიის რეგიონიდან ცენტრალურ ევროპაში“, – განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.