პიტერ სიიარტო - უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით არსებული მანევრირებების ფარგლებში, უნგრეთი ნატო-ს შემდგომ დანაყოფებს არ მიიღებს
პიტერ სიიარტო - უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით არსებული მანევრირებების ფარგლებში, უნგრეთი ნატო-ს შემდგომ დანაყოფებს არ მიიღებს

უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით არსებული მანევრირებების ფარგლებში, უნგრეთი ნატო-ს შემდგომ დანაყოფებს არ მიიღებს. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ „ევრონიუსთან“ განაცხადა.

„არა, ჩვენ ამაზე არ დავთანხმდით და არც დავთანხმდებით, რადგან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ნატო-ს ჯარები უკვე გვყავს, ეს არის უნგრეთის არმია და ჩვენი შეიარაღებული ძალები, რომლებიც სათანადო ფორმაში არიან, რათა ქვეყნის უსაფრთხოება უზრუნველყონ. ასე, რომ ჩვენ არ გვჭირდება დამატებითი დანაყოფები უნგრეთის ტერიტორიაზე“, – განაცხადა სიიარტომ.

მისი თქმით, ამჟამინდელი კრიზისი „ცივი ომისა“ და წარსული ათწლეულების შესახებ მოგონებებს აბრუნებს.

„ამიტომ, არ გვინდა, რომ ეს დრო დაბრუნდეს. ჩვენ ვთხოვთ, მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, გააკეთოს ყველაფერი, რათა „ცივი ომის“ დაბრუნება თავიდან იქნას აცილებული, ასევე თავიდან იქნას აცილებული „ცივი ომისდროინდელი“ ფსიქიკის დაბრუნებაც კი, რადგან ჩვენ ისტორიიდან ძალიან მკაფიოდ ვისწავლეთ, რომ როდესაც აღმოსავლეთ-დასავლეთის კონფლიქტი არსებობს, ცენტრალური ევროპის ქვეყნები აგებენ და ჩვენ აღარ გვსურს, ვიყოთ წაგებულები“, – განაცხადა უნგრელმა დიპლომატმა.

მინისტრის თქმით, აუცილებელია ინვესტიციის ჩადება დიპლომატიასა და დიალოგში, ამიტომ, ოფიციალური ბუდაპეშტი რუსეთს და დასავლელ მოკავშირეებს მოუწოდებს, არ დაკარგონ საკითხის მშვიდობიანი მოგვარების იმედი და ერთმანეთთან ისაუბრონ.

„ჩემი პოზიციაა, რომ, თუ ჩვენ შემდგომ სანქციებზე ვსაუბრობთ, აბსოლუტურად აუცილებელია იმ სანქციების ზემოქმედების გულწრფელი ანალიზი ვიხილოთ, რომელიც მოქმედებდა“, – განაცხადა სიიარტომ.