პიტერ სიიარტო უახლოეს რამდენიმე დღეში მოსკოვში ჩავა 
პიტერ სიიარტო უახლოეს რამდენიმე დღეში მოსკოვში ჩავა 

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო უახლოეს რამდენიმე დღეში მოსკოვში გაემგზავრება. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ მან ბუდაპეშტში, სლოვენიის ეკონომიკური განვითარების მინისტრთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

„ამ კვირაში მოსკოვში მივდივარ სხვადასხვა საკითხზე სასაუბროდ, მათ შორის მშვიდობის მნიშვნელობაზე. გარდა ამისა, ჩემი ვიზიტის მთავარი მიზანი გარანტიების მიღებაა, რომ უნგრეთს არ ექნება პრობლემები ენერგორესურსების მიღებაში. მივდივარ შესაბამისი დისკუსიების გასამართად „გაზპრომთან“, „როსატომთან“ და სხვა პირებთან, რათა უნგრეთისთვის ენერგომომარაგება წესრიგში იყოს არა მხოლოდ ამ ზამთარს, არამედ შემდეგი თვეების განმავლობაშიც“, – განაცხადა სიიარტომ.

სიიარტოს თქმით, მათ, ვინც ამ საქციელის გამო მას აკრიტიკებს, „მშვიდობა არ სურთ“.

„ვფიქრობ, ყველა, ვისაც ოდნავ მაინც აქვს ჯანსაღი აზრი, ხედავს, რომ ესკალაცია ძალიან საშიში მიმართულებით მიდის და ძლიერდება. ჩვენ ახლა იმ ეტაპზე ვართ, სადაც ჯერ კიდევ შეიძლება მოვლენების შეცვლა. ამიტომ ესკალაციისა და სამხედრო რიტორიკის გაძლიერების ნაცვლად, ჩემი აზრით, დროა, ევროპამ მთელი ძალისხმევა მშვიდობის მიღწევაზე გაამახვილოს“, – განაცხადა სიიარტომ.

გარდა ამისა, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ოფიციალური ბუდაპეშტი კვლავ წინააღმდეგია რუსეთის წინააღმდეგ იმ სანქციების დაწესებაზე, რომელიც ენერგორესურსებს ეხება.

ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის შემდეგ, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ეს რიგით მეორე ვიზიტია მოსკოვში.