პიტერ სიიარტო სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, არარატ მირზოიანს შეხვდა
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, არარატ მირზოიანსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, პიტერ სიიარტოს შორის შეხვედრა გაიმართა.
როგორც სომხური მედია წერს, შეხვედრა ჯერ კერძო, შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში ჩატარდა. სომხური მედიის ცნობით, ლიდერებმა სომხეთ-ევროკავშირის თანამშრომლობის პრიორიტეტები განიხილეს.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ორივე მხარემ კმაყოფილებით აღნიშნა ბოლო პერიოდში ერთობლივი ძალისხმევით ორმხრივი ურთიერთობების განვითარების კუთხით მიღწეული შედეგები და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანაში დიპლომატიური წარმომადგენლობების გახსნა დამატებით სტიმულს მისცემს მათი თანამშრომლობის განვითარებას. ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ მირზოიანმა და სიიარტომ რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარების პროცესში ძალისხმევას, მათ შორის, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერას.
შეხვედრის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
„უნგრეთი კავკასიაში მშვიდობის მომხრეა და დიდი ხანია, მხარს უჭერს სომხეთ-აზერბაიჯანის შერიგებას. ჩვენი ორმხრივი კავშირები სომხეთთან ძლიერდება: გასულ წელს სავაჭრო რეკორდს მივაღწიეთ, დღეს ხელს ვაწერთ ბირთვულ შეთანხმებას, ვხსნით საელჩოს ერევანში და ვუწევთ დახმარებას სომხურ ეკლესიებს“, – წერს სიიარტო.