პიტერ სიიარტო - როდესაც ევროკავშირში ვწევრიანდებოდით, ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, რომლის მიხედვით, გვაქვს ვალდებულებები და სარგებელი, რადგან შევასრულეთ ყველა მოვალეობა, ვსარგებლობთ პრივილეგიებით
პიტერ სიიარტო - როდესაც ევროკავშირში ვწევრიანდებოდით, ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, რომლის მიხედვით, გვაქვს ვალდებულებები და სარგებელი, რადგან შევასრულეთ ყველა მოვალეობა, ვსარგებლობთ პრივილეგიებით

თუ მაინც დავაარსებთ ზარალის დაძლევის ფონდს, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ფული სამართლიანად გადანაწილდება, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „42° პარალელი“ განაცხადა.

„პირველ რიგში, უნგრეთი იმას ამბობს, რომ დასახარჯად ფული ჯერ უნდა გამოვიმუშაოთ. ყველაფერი, რაც ამ მიდგომას ეწინააღმდეგება, ჩვენთვის ცოტა უცნაურია. მეორე მხრივ, თუ მაინც მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას და დავაარსებთ ასეთ ფონდს, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ფული სამართლიანად გადანაწილდება“, – განაცხადა სიიარტომ.

ამ განცხადებით პიტერ სიიარტომ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა პოზიცია აქვს უნგრეთის სახელმწიფოს ბიუჯეტსა და ზარალის დაძლევის ფონდთან დაკავშირებით, რაზეც ამჟამად უმნიშვნელოვანესი დისკუსია მიმდინარეობს.

მისი თქმით, დღევანდელი სიტუაცია ისეთია, რომ მდიდარ ქვეყნებს შეუძლიათ, მეტი ფული მიიღონ, ვიდრე ღარიბ ქვეყნებს.

„ეს ძალიან რთული გასაგები, მისაღები და გასაყიდია. მაგალითისთვის ავიღოთ უნგრეთი და პორტუგალია, ევროკავშირის წევრი ორი ქვეყანა. ზუსტად ერთი და იგივე ოდენობის მოსახლეობაა, ერთი ზომის ტერიტორია. თუმცა, უნგრეთი პორტუგალიაზე რვა მილიარდი ევროთი ნაკლებს მიიღებს“, – განაცხადა სიიარტომ.

გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, რა ახსნა აქვს ამას, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ამის ახსნა არის ეკონომიკური სიტუაცია, პანდემიის კონტროლი.

„თუმცა, იცით, კიდევ რა არის ჩვენთვის მიუღებელი? ისინი, ვინც დისციპლინას უფრო იცავდა, იძულებულნი არიან, გადაუხადონ მათ, ვინც არ იჩენდა პასუხისმგებლობას დისციპლინის კუთხით. ვფიქრობ, სამართლიანობა ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, ისიც დავამატო, რომ ხშირად, ლიბერალური მედიის მიერ ევროპული ფონდები წარმოდგენილია, თითქოს, ეს იყოს დასავლეთ ევროპელი გადასახადების გადამხდელთა გულუხვობის შედეგი, ან თითქოს, არსებობდეს ჰუმანიტარული დონაციები. ეს სიმართლე არ არის. ეს ჩვენი ფონდია. ესაა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ფონდები. როცა ევროკავშირში ვწევრიანდებოდით, ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, კონტრაქტს, რომლის მიხედვით, გვაქვს ვალდებულებები და სარგებელი და რადგან ჩვენ შევასრულეთ ყველა მოვალეობა – ვგულისხმობ ბაზრების გახსნას, შევქმენით პირობები გაცილებით მდიდარი ქვეყნების კომპანიებისთვის, ამიტომ ვსარგებლობთ პრივილეგიებით“, – განაცხადა სიიარტომ.

როგორც უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, კონტრაქტი ყოველთვის ორმხრივი მოძრაობის ქუჩაა და ეს არ არის ქუჩა ცალმხრივი მოძრაობით.

„ასრულებ მოვალეობას, იღებ სარგებელს და რადგან მოვალეობები შევასრულეთ, ეს სარგებელი ჩვენი სარგებელია. ეს რომელიმე ლიბერალური პოლიტიკური ძალის გადაწყვეტილება კი არ არის?! გვესმის, რომ გერმანიას, თავისი პრეზიდენტობის პირობებში, უნდა, სწრაფად წაიწიოს წინ ამ ფინანსურ ჩარჩოებში; ეს მიდგომა გვესმის, თუმცა, ჩვენთვის სისწრაფე საბოლოო შედეგზე ნაკლებად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.