პიტერ სიიარტო - მხარს დავუჭერთ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას, უფრო დიდი შანსია, ევროკავშირმა მიიღოს ემოციური გადაწყვეტილება, თუმცა უიმედოდ არ ვართ, ყველაფერს ვაკეთებთ კოლეგების დასარწმუნებლად
პიტერ სიიარტო - მხარს დავუჭერთ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას, უფრო დიდი შანსია, ევროკავშირმა მიიღოს ემოციური გადაწყვეტილება, თუმცა უიმედოდ არ ვართ, ყველაფერს ვაკეთებთ კოლეგების დასარწმუნებლად

უნგრეთის საგარეო ურთიერთობათა და ვაჭრობის მინისტრის პიტერ სიიარტოს განცხადებით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება დამოკიდებულია იმაზე, არის თუ არა ევროკავშირი მზად, მიიღოს ფაქტებზე დამყარებული გადაწყვეტილება, თუ ეს გადაწყვეტილება იქნება ემოციური და პოლიტიკური.

„სამწუხაროდ, ამ დრომდე ასეთი გადაწყვეტილებები იყო პოლიტიკური და იდეოლოგიური, რაციონალურის ნაცვლად. თუკი ამ საკითხს განვიხილავთ რაციონალურად, ნათელია, რომ ევროკავშირს სჭირდება ახალი იმპულსი, სჭირდება ახალი პოზიტიური ენერგია, რადგან ის კარგავს კონკურენტუნარიანობას. ეს აშკარაა. როდესაც საქმე ეხება გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის წილს, ჩინეთმა გადაგვისწრო. ისტორიაში პირველად, ჩვენ ვართ მესამე და არა მეორე ადგილზე. ამ კუთხით გვჭირდება სუფთა ჰაერი, რომლის მეშვეობითაც ახალი მიმართულებით უპირატესობის მოპოვებას შევძლებთ. და საიდან მოდის ეს ახალი ენერგია, ეს ახალი მიდგომები? კანდიდატი ქვეყნებისგან. საქართველო ნამდვილად არის ერთ-ერთი ასეთი ქვეყანა. Საქართველომ ბოლო ორი წლის განმავლობაში 10-პროცენტიანი ზრდა აჩვენა, რა უნდა გვინდოდეს ამაზე მეტი?“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ გიორგი გვიმრაძისთვის მიცემულ ინტერვიუში.

პიტერ სიიარტოს განმარტებით, უნგრეთი მხარს დაუჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

„ეს იქნება რთული გადაწყვეტილება, რადგან, ამავდროულად, ხმის მისაცემად გატანილი იქნება უკრაინისთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხი. თქვენ იცით, რომ ამასთან დაკავშირებით გვაქვს სწორხაზოვანი პოზიცია. იმ შემთხვევაში, თუკი უკრაინა არ აღუდგენს უნგრელებს იმ უფლებებს, რომლითაც 2015 წლამდე სარგებლობდნენ, ჩვენ ხმას არ მივცემთ უკრაინის წინსვლას გააწევრიანებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა პიტერ სიიარტომ.

რაც შეეხება კითხვას, „ახლა რა განწყობებია, რა იქნება ევროკავშირის გადაწყვეტილება, იქნება ეს პოლიტიკური, თუ ფაქტებზე დაყრდნობილი? “, – სიიარტოს განცხადებით, წინასწარ თქმა რთულია.

„შემიძლია, დავეყრდნო ჩემს გამოცდილებას და ვთქვა, რომ უფრო დიდია შანსი, ევროკავშირმა მიიღოს ემოციური და იდეოლოგური გადაწყვეტილება, რაციონალურის ნაცვლად, თუმცა უიმედოდ არ ვართ. ამაზე უნდა ვიმუშაოთ. ჩვენ ვაგრძელებთ ამაზე მუშაობას, ყველაფერს ვაკეთებთ ევროკავშირში ჩვენი კოლეგების დასარწმუნებლად და ვნახოთ“, – აღნიშნა პიტერ სიიარტომ.