პიტერ სიიარტო - კრიზისის კოორდინირებაში ევროპულმა ინსტიტუციებმა მარცხი განიცადეს, ეს ინსტიტუციები შექმნილია სიტუაციებისთვის, როცა ყველაფერი კარგად მიდის
პიტერ სიიარტო - კრიზისის კოორდინირებაში ევროპულმა ინსტიტუციებმა მარცხი განიცადეს, ეს ინსტიტუციები შექმნილია სიტუაციებისთვის, როცა ყველაფერი კარგად მიდის

ასეთი კრიზისული სიტუაციისთვის ბრიუსელის ბიუროკრატია, ბრიუსელის ინსტიტუტები, უბრალოდ, მზად არ იყვნენ, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „42° პარალელი“ განაცხადა.

„კრიზისიდან შეგვიძლია, ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები გამოვიტანოთ, რომ ევროპული კოორდინაცია, ანუ ბრიუსელის მიერ ორგანიზებული კოორდინაცია უმნიშვნელოა. ყველა ზომა ეროვნულ დონეზე იყო მიღებული; პანდემიის საპასუხოდ ყველა გადაწყვეტილება ეროვნულ დონეზე მიიღეს და ყველა გადაწყვეტილება აისახებოდა ეროვნულ ინტერესებზე. ეს გასაგებიც იყო. ასეთი კრიზისული სიტუაციისთვის ბრიუსელის ბიუროკრატია, ბრიუსელის ინსტიტუტები, უბრალოდ, მზად არ იყვნენ. ჩვენ გვყავს იტალიელები, რომლებმაც ამაზე გულახდილად ილაპარაკეს“, – განაცხადა სიიარტომ.

მისი თქმით, წევრი ქვეყნები უფრო ეხმარებოდნენ ერთმანეთს, ვიდრე ბრიუსელი ახერხებდა დახმარების ორგანიზებას.

„ასე რომ, ვეთანხმები განცხადებას, რომ ამ კრიზისისას კოორდინირებაში ევროპულმა ინსტიტუციებმა მარცხი განიცადეს. ვერ მიიღეს ზომები და მოქმედებდნენ ნელა; თუმცა, შესაძლოა, ეს იმიტომ მოხდა, რომ ეს ინსტიტუციები არ იყო შექმნილი ასეთ სიტუაციებთან გასამკლავებლად“, – განაცხადა სიიარტომ.

როგორც უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ეს ინსტიტუციები შექმნილია სიტუაციებისთვის, როცა ყველაფერი კარგად მიდის.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორი პოლიტიკა იქნება ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში და რა გავლენა მოახდინა პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა გაფართოების შესაძლებლობაზე, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ კრიზისი გაფართოების სასარგებლო არგუმენტია.

„მჯერა, რომ ევროკავშირი სამომავლო მსოფლიო წესრიგში ვერ იქნება ძლიერი, თუ არ ეყოლება ბევრი პარტნიორი. სწორედ ამიტომ, „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია გაფართოებაც. ვფიქრობ, უნდა დავაჩქაროთ გაფართოების პროცესი დასავლეთ ბალკანეთისკენ. უნგრელ კომისარს ამის დიდი სურვილი აქვს და ბევრს მუშაობს ამ საკითხზე. ვხედავ საიმედო ნიშნებს, რომ ასეც მოხდება. მონტენეგრომ მოლაპარაკების ყველა კარი გააღო. სერბები წინ მიდიან ამ მიმართულებით. ევროპული ინტეგრაციის მომხრე პარტიამ დიდი უპირატესობით მოიგო იქ. პრეზიდენტიც ევროინტეგრაციის მომხრეა. კარგად მიმდინარეობს სერბეთის ინტეგრაციის პროცესი“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.

დატოვე კომენტარი