პიტერ სიიარტო - ირონიაა, როცა ბალტიისპირეთისა და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები ლექციებს გვიკითხავენ რუსულ ენერგეტიკაზე უარის შესახებ, არ დავთმობთ ჩვენს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას
ჩვენი მოვალეობაა, უზრუნველვყოთ უნგრეთის ენერგომომარაგება, ამიტომ არ დავთმობთ ჩვენს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო წერს.
„ირონიაა, როდესაც ბალტიისპირეთისა და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები ლექციებს გვიკითხავენ რუსულ ენერგეტიკაზე უარის თქმის შესახებ. მათ ერთი პატარა დეტალი ავიწყდებათ: უნგრეთი ზღვაზე გასასვლელის გარეშეა. ჩვენ არ გვაქვს სანაპირო ზოლი, სადაც თხევადი ბუნებრივი აირის ტერმინალი ან ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ერთ ღამეში შეიძლება აშენდეს. გასაოცარია, რომ ზოგიერთი ევროპელი ლიდერი ვერ აცნობიერებს ამ მარტივ ფაქტს: გეოგრაფია განსაზღვრავს, სად შეუძლია თითოეულ ქვეყანას ენერგიის შეძენა. ჩვენ შეგვიძლია, ვიოცნებოთ გაზსა და ნავთობზე იმ წყაროებიდან, რომელსაც მილსადენები არ სჭირდება, მაგრამ ოცნებებით ვერ გაათბობთ სახლებს, ვერ უზრუნველყოფთ ცხელ წყალს ან ვერ ამუშავებთ ქარხნებს. ბალტიისპირეთისა და ჩრდილოეთ ევროპის ყველა პრეზიდენტს შეუძლია, დარწმუნებული იყოს ერთ რამეში: ჩვენი მოვალეობაა, უზრუნველვყოთ უნგრეთის ენერგომომარაგება, ამიტომ არ დავთმობთ ჩვენს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას“, – წერს სიიარტო.