პიტერ სიიარტო - გასაკვირია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიცაა „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, გამჭვირვალობის წინააღმდეგნი არიან
პიტერ სიიარტო - გასაკვირია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიცაა „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, გამჭვირვალობის წინააღმდეგნი არიან

გასაკვირია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიცაა „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, გამჭვირვალობის წინააღმდეგნი არიან. ეს აჩვენებს, რამდენად ფარისევლური არიან ეს ორგანიზაციები, – განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „42° პარალელი“.

„მათ არ უნდათ, რამე გაასაჯაროონ; არ უნდათ, საერთო ჰქონდეთ გამჭვირვალობასთან, დემოკრატიასთან, კანონის უზენაესობასთან. მათ მხოლოდ ის უნდათ, თავიანთი დამფინანსებლების ინტერესები დაიცვან“, – განაცხადა სიიარტომ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად უნგრეთმა კანონი შეცვალოს, რადგან გასულ თვეში ევროპული მართლმსაჯულების სასამართლომ თქვა, რომ უნგრეთის კანონი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს ავალდებულებს, უცხოეთიდან დაფინანსებულ ერთეულებად დარეგისტრირდნენ, უსამართლო და დისკრიმინაციულია, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ როცა საქმე სასამართლოს დადგენილებას ეხება, მას პატივი უნდა სცე, თუმცა, ეს უსამართლო გადაწყვეტილებაა.

„ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც რეალობასთან კავშირი არ აქვს; გადაწყვეტილება, რომელსაც კავშირი არ აქვს ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისცემასთან ან დაცვასთან“, – განაცხადა სიიარტომ.

მისი თქმით, უნგრეთმა შექმნა რეგულაცია, რომელშიც ნათლადაა ასახული, რომ თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს მიზნად აქვთ, გავლენა მოახდინონ საზოგადოებრივ აზრზე, მათ უნდა მოეთხოვოთ, გამოაცხადონ, თუ საიდან იღებენ დაფინანსებას.

„არ ვლაპარაკობ, მაგალითად, მეთევზეების ასოციაციაზე, სპორტულ ასოციაციაზე, ადგილობრივ ასოციაციაზე, რომელიც მუნიციპალიტეტს ავალდებულებს, სათამაშო მოედნები მოაწყოს. ვსაუბრობ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც პოლიტიკური აქტორები გახდნენ, მიზნად საზოგადოების აზრზე გავლენის მოხდენა აქვთ დასახული და უნდათ, გავლენა მოახდინონ ქვეყნის მომავალზე. ვფიქრობ, ლეგიტიმური იქნება, მოვთხოვოთ ამ ორგანიზაციებს, გამოაცხადონ, საიდან იღებენ დაფინანსებას. იმიტომ, რომ თუ დაფინანსებას ქვეყნის გარედან იღებენ, მაშინ აშკარაა, რომ გარედან მომდინარე ინტერესებს ემსახურებიან და თუ გინდა, გავლენა მოახდინო საზოგადოებრივ აზრზე გარე ინტერესებზე დაყრდნობით, მაშინ ეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხია“, – განაცხადა სიიარტომ.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ეს ძალიან სამართლიანი, კანონიერი მოლოდინია ხალხის სახელით, თუკი პოლიტიკური პარტიებიც და სხვა ორგანიზაციებიც, რომლებიც საბოლოოდ პოლიტიკურ პროცესებში ერთვებიან, გამოააშკარავებენ, საიდან მიიღეს დაფინანსება.

გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, როგორი იქნება რეალობა, თუ უნგრეთი ევროპული მართლმსაჯულების სასამართლოს მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში ეს ორგანიზაციები დაფინანსებას საიდუმლოდ მიიღებენ და საგარეო ინტერესების გათვალისწინებით მოახდენენ გავლენას, ან შეეცდებიან, გავლენა ჰქონდეთ უნგრეთში მიმდინარე მოვლენაზე.

„სწორედ ამას ვებრძოდით მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში. გვინდოდა, თავისუფალი ვყოფილიყავით საგარეო გავლენებისგან, მცდელობებისგან, ჩარეულიყვნენ ჩვენ საშინაო საქმეებში. საგარეო ჩარევები, საგარეო მართვა უნგრეთში კომუნიზმის დროს ხდებოდა, რაც აღარ გვინდა, რომ განმეორდეს“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.