ევროპულ პოლიტიკურ დისკურსსა და ევროპულ პოლიტიკურ არენაზე დომინირებს ლიბერალური მეინსტრიმი. ლიბერალურ მეინსტრიმს კი, არ მინდა, სიტყვა სიძულვილი გამოვიყენო, ნამდვილად არ მოვწონვართ, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო ურთიერთობათა და ვაჭრობის მინისტრმა, პიტერ სიიარტომ გიორგი გვიმრაძისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ამ განცხადებით სიიარტომ უპასუხა კითხვას: „ხანდახან ევროპელი პოლიტიკოსები და ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ევროკავშირისთვის არის პრობლემები გარკვეული ქვეყნების – პოლონეთის, უნგრეთის და სხვების ქცევაში. ხანდახან, მაგალითად, საქართველოს შემთხვევაში, ისინი ამბობენ, რომ არ სჭირდებათ ახალი უნგრეთი ევროკავშირში. ეს რას ნიშნავს? “.
„ლიბერალურ მეინსტრიმს არ მოვწონვართ იმიტომ, რომ ლიბერალური მეინსტრიმი საკუთარ თავზე ამბობს, რომ ის არის ერთადერთი წარმატებული და პროგრესული პოლიტიკური იდეოლოგია მსოფლიოში. და არის ყველა სხვა, ვინც არ ჯდება ამ მეინსტრიმში, არიან რეტროგრადული, დიქტატორული, წარუმატებელი, საშიში. და ჩვენც აქ ვართ, უნგრელები, მთავრობით, რომელიც უკვე 30 წელზე მეტია, მართავს, ძალიან დამახასიათებლად პატრიოტული, კონსერვატიული, ქრისტიანული ღირებულებების მცველი, სუვერენული, ეროვნული ინტერესების დამცველი და წარმატებული. ეს კომბინაცია არის სრული უარყოფა იმისა, რასაც ამბობს ლიბერალური მეინსტრიმი საკუთარ თავზე. ლიბერალური მეინსტრიმი საკუთარ თავზე ამბობს, რომ ესაა ერთადერთი წარმატებული პოლიტიკური მიდგომა. არადა, ჩვენი არსებობაც, თქვენი არსებობაც ადასტურებს, რომ სხვა მიდგომაც შეიძლება იყოს წარმატებული – კონსერვატიული, პატრიოტული, ესეც შეიძლება იყოს წარმატებული. ამიტომ ისინი ვერ ინელებენ ჩვენს არსებობას და ჩვენს წარმატებულ მუშაობას. შეიძლება, ესაა მიზეზი, რატომაც ასეთ რაღაცებს ამბობენ. როდესაც ისინი ამბობენ მეორე უნგრეთს, გულისხმობენ მეორე წარმატებულ ქვეყანას“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.
რაც შეეხება კითხვას, „რამდენჯერმე ახსენეთ სიტყვა პატრიოტიზმი, რას ნიშნავს ეს თანამედროვე სამყაროში, გლობალურ სამყაროში, ერთმანეთთან გადახლართულ, ღია სივრცეებში? საწარმოები, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს სცილდებიან, შრომითი ძალა გადის ქვეყნიდან. რას ნიშნავს ახლა პატრიოტიზმი დასავლეთის თვალით“, – სიიარტოს თქმით, პატრიოტული მიდგომა შეიძლება იყოს წარმატებული, თუკი წარმატებულია მთავრობის პოლიტიკა, რომელიც ამის საფუძველია.
პიტერ სიიარტოს განმარტებით, მისთვის პატრიოტიზმი ნიშნავს პოლიტიკურ დღის წესრიგში ყველაზე წინ ეროვნული ინტერესის დაყენებას.
„ალბათ მართალია, რომ მობილურობა ახლა მეტია, ვიდრე ოდესმე ადრე, მაგრამ შეხედეთ ბოლოდროინდელ კრიზისებს, შეხედეთ, რა მოხდა კოვიდის დროს. ყველას სახლში მოუნდა წასვლა, არა? შეხედეთ, რა ხდება ისრაელში. ყველას სახლში უნდა წასვლა. ანუ, როცა დგება კრიზისი, იზრდება სამშობლოს მნიშვნელობა, იმ უსაფრთხოების მნიშვნელობა, რასაც სამშობლო გვაძლევს. ამიტომ, ვფიქრობ, პატრიოტიზმი ყველგანაა. მთავარი ისაა, შეგიძლია თუ არა წარმატებით მოქმედება პატრიოტიზმის ქოლგის ქვეშ. შეგიძლია თუ არა, შესთავაზო ადამიანებს პრესტიჟული სამსახურები საკმაოდ მაღალი ანაზღაურებით, რომ დარჩნენ სამშობლოში და არ წავიდნენ. უნგრეთისთვის 2019 იყო პირველი წელი, როცა იმ ადამიანთა რაოდენობამ, ვინც სამშობლოში დაბრუნდა, გადააჭარბა მათ რაოდენობას, ვინც წავიდა. პროცესი უკან მოტრიალდა, რადგან ქვეყანა წარმატებული გახდა. დიდმა კომპანიებმა უკან დაიწყეს ინვესტიციების დაბრუნება. დაიწყეს ადამიანებისთვის სამუშაო ადგილების შეთავაზება. ასე რომ, ნიჭიერ ახალგაზრდობას, რომელიც ბევრ ენაზე ლაპარაკობს, აღარ მოუწია მაღალანაზღაურებადი, პრესტიჟული სამსახურის გამო ქვეყნიდან წასვლა. დიდი, მრავალნაციონალური კომპანიები უკვე იქ არიან და სთავაზობენ მათ დასაქმებას ბუდაპეშტში ან სადმე სხვაგან. ვფიქრობ, პატრიოტული მიდგომა შეიძლება იყოს წარმატებული, თუკი მთავრობის პოლიტიკა, რომელიც ამის საფუძველია, წარმატებულია. ჩვენს შემთხვევაში ასე მოხდა. მაგრამ ჩემთვის პატრიოტიზმი ნიშნავს, რომ პოლიტიკურ დღის წესრიგში ყველაზე წინ ეროვნულ ინტერესს აყენებ და მზად ხარ, ის დაიცვა, მზად ხარ, მის შესახებ დისკუსიაში შეხვიდე. მზად ხარ დებატებისთვის მათთანაც, ვინც შენზე ძლიერია, იმისთვის, რომ დაიცვა შენი ეროვნული ინტერესი. შემიძლია, ერთი ამბავი მოგიყვეთ. როდესაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს წინაშე დგას სერიოზული საკითხი, რომელიც პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებასთანაა დაკავშირებული, მაგალითად, სანქციები ან რაიმე სხვა, ზოგი ევროპელი კოლეგა საგარეო საქმეთა სამინისტროებიდან მოდის ჩემთან შეხვედრამდე და მეუბნება – თქვენ ალბათ ამას შეეწინააღმდეგებით, თქვენ ალბათ საკითხს ჩააგდებთ, შეაყოვნებთ, ან არა. მე კი ვპასუხობ – რა თქმა უნდა, რადგან ეს ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია, მაგრამ თქვენ? ხომ სჯობს, შემომიერთდეთ იმიტომ, რომ ორნი ან სამნი უფრო ძლიერი ვიქნებით, ვიდრე მხოლოდ მე. ისინი კი მეუბნებიან – არა, მე ამას ვერ გავაკეთებ არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის გამო. ასე რომ, ვფიქრობ, პატრიოტიზმი, ეროვნული ინტერესები ყველგანაა – პოლიტიკოსების და მთავრობების გონებაში საკითხავი ისაა, არიან თუ არა ისინი საკმაოდ სტაბილური, ძლიერი და მზად, რომ ეს დაიცვან“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.
