პიტერ სიიარტო - ევროკავშირის სანქციების პოლიტიკა მარცხს განიცდის, რადგან ევროპულ ეკონომიკას უფრო დაარტყა, ვიდრე რუსულ ეკონომიკას
პიტერ სიიარტო - ევროკავშირის სანქციების პოლიტიკა მარცხს განიცდის, რადგან ევროპულ ეკონომიკას უფრო დაარტყა, ვიდრე რუსულ ეკონომიკას

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს განცხადებით, ევროკავშირის სანქციების პოლიტიკა მარცხს განიცდის, რადგან ევროპულ ეკონომიკას უფრო მეტად დაარტყა, ვიდრე რუსულ ეკონომიკას.

ამის შესახებ პიტერ სიიარტომ „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში განაცხადა.

პიტერ სიიარტოს თქმით, უნგრეთის პოზიცია არსებული სანქციების გაგრძელებაზე „დამოკიდებული იქნება გეოპოლიტიკურ გარემოებებზე“, ამასთან, ბუდაპეშტი ყურადღებით ადევნებს თვალს, დონალდ ტრამპის მიერ რუსეთთან წარმოებულ მოლაპარაკებებს.

„მსოფლიო უფრო უსაფრთხო გახდა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მხოლოდ ამ მოლაპარაკებების გამო, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცით, იქნება თუ არა მშვიდობა მოკლევადიან, საშუალოვადიან თუ გრძელვადიან პერსპექტივაში, ომის ესკალაციის რისკი შემცირდა იმ ფაქტით, რომ რუსები და ამერიკელები პირდაპირ მოლაპარაკებებში არიან და ეს კარგი ამბავია ჩვენთვის“,  – განაცხადა პიტერ სიიარტომ.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მოსკოვში ვიზიტებთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა, რაზეც უნგრელმა მინისტრმა თქვა, რომ კარგი იქნებოდა, სხვებსაც იგივე გაეკეთებინათ, რადგან „ამ ომიდან გამოსვლის ერთადერთი გზა მოლაპარაკებებზე გადის“.

პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ უნგრეთი კვლავ მჭიდროდაა დაკავშირებული რუსეთთან ენერგიის იმპორტის გამო და გააკრიტიკა სხვა მეზობლები იმისთვის, რომ არ ჩადეს საკმარისი ინვესტიცია თავიანთ ინფრასტრუქტურაში ენერგიის მიწოდების ალტერნატიული გზების შესაქმნელად.

„საქმე როდესაც ენერგიის მიწოდებას ეხება, რუსეთი აქამდე საიმედო პარტნიორი იყო. არავის ჰქონდა უკეთესი – უფრო საიმედო და იაფი შემოთავაზება. ამიტომ ჩვენ მათთან აშკარად სამართლიან თანამშრომლობაში ვართ და არ შეგვიძლია, უარი ვთქვათ ამაზე არსებულ გარემოებებში“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.