პიტერ სიიარტო - ჩვენთვის მიუღებელია ჭკუის სწავლება, უფლებას არ ვაძლევთ გარე პარტნიორებს, ლექციები გვიკითხონ, ან ჭკუა გვასწავლონ
პიტერ სიიარტო - ჩვენთვის მიუღებელია ჭკუის სწავლება, უფლებას არ ვაძლევთ გარე პარტნიორებს, ლექციები გვიკითხონ, ან ჭკუა გვასწავლონ

უნგრეთში არსებობს პატრიოტული, ქრისტიან-დემოკრატიული, კონსერვატიული, მემარჯვენე ხელისუფლება, რომელიც აშკარად მიდის ლიბერალური მეინსტრიმის წინააღმდეგ და მაინც წარმატებულია, – განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „42° პარალელი“.

მისივე თქმით, უნგრეთისთვის დაფინანსების შეწყვეტაზე ევროკავშირის შიგნით ვერ შეთანხმდებიან.

„პირველ რიგში, მსგავსი გადაწყვეტილება ერთხმად უნდა მიიღონ. ეს ერთსულოვან შეთანხმებას ითხოვს და ეს არ მოხდება. მეორე – მთავრობაში მოსვლის შემდეგ ჩვენ მუდმივად ვართ თავდასხმის სამიზნე. ძალიან რთული, ვიტყოდი შეუძლებელიც კია საერთაშორისო ლიბერალური, მეინსტრიმული მედიისთვის ან საერთაშორისო, ლიბერალური, მეინსტრიმული პოლიტიკოსებისთვის გაითავისონ, რომ უნგრეთში არსებობს პატრიოტული, ქრისტიან-დემოკრატიული, კონსერვატიული, მემარჯვენე ხელისუფლება, რომელიც აშკარად მიდის ლიბერალური მეინსტრიმის წინააღმდეგ და მაინც წარმატებულია. ეს მათთვის, უბრალოდ, მიუღებელია; არ ესმით“, – განაცხადა სიიარტომ.

ამ განცხადებით პიტერ სიიარტომ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა მოხდება, თუ ევროკავშირის წევრების უმრავლესობა საფრანგეთს დაეთანხმება და უნგრეთი საერთო სახსრებიდან დაფინანსების მიღებაზე უარს მიიღებს.

როგორც პიტერ სიიარტომ აღნიშნა, სწორედ ამიტომ არის, რომ ხშირად, პოლონეთის ხელისუფლებაც მძიმე კრიტიკის სამიზნეა.

„ჩვენც ვართ კრიტიკის სამიზნე, ჩეხეთის პრემიერია ხშირად კრიტიკის სამიზნე, სლოვაკეთის მთავრობაზეა მძიმე თავდასხმები. მიზეზი მარტივია – ჩვენ ვართ მემარჯვენე მთავრობები, პატრიოტი მთავრობები, ჩვენთვის მიუღებელია ჭკუის სწავლება. ვფიქრობთ, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალზე გადაწყვეტილებები ჩვენი მისაღებია. უფლებას არ ვაძლევთ გარე პარტნიორებს, ლექციები გვიკითხონ ან ჭკუა გვასწავლონ“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.