პიტერ სიიარტო - ჩვენ გვსურს, ვიხილოთ უკრაინისა და უკრაინელების საბოლოოდ მშვიდობით ტკბობა, იმედია, ეს საშინელება მალე დასრულდება
პიტერ სიიარტო - ჩვენ გვსურს, ვიხილოთ უკრაინისა და უკრაინელების საბოლოოდ მშვიდობით ტკბობა, იმედია, ეს საშინელება მალე დასრულდება

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო უკრაინაში ოფიციალურ პირებთან სასაუბროდ ჩავიდა. სიიარტო უკვე შეხვდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებასა და ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ანდრეი ერმაკს.

შეხვედრაზე დმიტრო კულებამ აღნიშნა, რომ მხარს უჭერს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზებას.

„უკრაინის პრეზიდენტმა გვთხოვა მე და ანდრეი ერმაკს, სიღრმისეულად გვესაუბრა თქვენთან და გვეპოვა ურთიერთობების ნორმალიზების გზები, რადგან ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე მიზეზს, რატომ არ უნდა გვქონდეს შესანიშნავი ურთიერთობები“, – განაცხადა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ამასთან, ანდრეი ერმაკმა აღნიშნა, რომ შეხვედრის ერთ-ერთი მიზანია ვოლოდიმირ ზელენსკისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის შეხვედრის მომზადება.

„ჩვენ მზად ვართ ძალიან კონსტრუქციული, ძალიან დეტალური და გულწრფელი საუბრებისთვის და კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით, რომ დღეს აქ ხართ“, – განაცხადა ერმაკმა.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ის რომ ახლა უკრაინაში სიმშვიდე არ არის, სრულიად ეწინააღმდეგება მათ ინტერესებსა და სურვილს.

„ჩვენ გვსურს, ვიხილოთ უკრაინისა და უკრაინელების საბოლოოდ მშვიდობით ტკბობა. იმედია, ეს საშინელება მალე დასრულდება და რამდენადაც ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ ამ მხრივ, ყველანი თქვენს განკარგულებაში ვართ. ანდრეი, ალბათ გახსოვთ, პირველად რომ ვისაუბრეთ ომის დაწყებიდან ორი-სამი დღის შემდეგ, როცა გითხარით, უნგრეთი მზადაა, უმასპინძლოს ნებისმიერი სახის მოლაპარაკებას, რომელიც მიზნად ისახავს მშვიდობას. ეს შეთავაზება კვლავ ძალაშია, როდესაც თქვენ მის გამოყენებას გადაწყვეტთ“, – აღნიშნა პიტერ სიიარტომ.

აღნიშნული შეხვედრა გაიმართა ევროკავშირის სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, რომელზეც უკრაინის დახმარების პაკეტი განიხილება.

შეგახსენებთ, რომ უნგრეთი იყო ევროკავშირის წევრი ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც დეკემბერში გამართულ სამიტზე მხარი არ დაუჭირა უკრაინისთვის დახმარების პაკეტის გამოყოფას.