პიტერ სიიარტო - ბრიუსელში მცდარი გადაწყვეტილება მიიღეს, როდესაც საქართველომ არ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ეს გადაწყვეტილება ქართველი ერის მიმართ უპატივცემულობა და შესაძლებლობის გაფლანგვაა
პიტერ სიიარტო - ბრიუსელში მცდარი გადაწყვეტილება მიიღეს, როდესაც საქართველომ არ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ეს გადაწყვეტილება ქართველი ერის მიმართ უპატივცემულობა და შესაძლებლობის გაფლანგვაა

სამწუხაროდ, ბრიუსელში, არც თუ ისე დიდი ხნის წინ, მცდარი გადაწყვეტილება მიიღეს, როდესაც საქართველომ არ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პტერ სიიარტომ ბუდაპეშტში, ქართველ კოლეგა ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველომ და საქართველოს მოსახლეობამ დაიმსახურა კანდიდატის სტატუსი.

„ძალიან ვაფასებთ საქართველოს პოზიციას მშვიდობისაკენ სწრაფვის გამო და ძალიან ვაფასებთ საქართველოს ევროპულ მისწრაფებას. აქვე უნდა ვთქვა, რომ სამწუხაროდ, ბრიუსელში არც თუ ისე დიდი ხნის წინ, მცდარი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, როდესაც საქართველომ არ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

ჩემი მოსაზრებით, საქართველოსთვის უნდა მიენიჭებინათ კანდიდატის სტატუსი, ვფიქრობ, რომ საქართველომ და საქართველოს მოსახლეობამ დაიმსახურა ეს სტატუსი და გადაწყვეტილება საქართველოსათვის ამ სტატუსის არ მინიჭების შესახებ, ეწინააღმდეგება არა მარტო უნგრეთის, არამედ მთლიანად ევროკავშირის ინტერესებს და ევროკავშირის გაძლიერების მცდელობას. ეს გადაწყვეტილება ქართველი ერის მიმართ უპატივცემულობას და შესაძლებლობის გაფლანგვას წარმოადგენს“, – განაცხადა სიიარტომ.

უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ უნგრეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველო შევიდა იმ ქვეყნების სიაში, საიდანაც მოქალაქეებს შეეძლებათ გარკვეულ პროფესიებით, განსაზღვრული დროით ჩამოსვლა უნგრეთში და დასაქმება.

„ასევე, მოხარული ვარ, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის იზრდება სავაჭრო ბრუნვა და და მიმდინარე წელს ეს მაჩვენებელი გაორმაგებულია“, – განაცხადა სიიარტომ.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების თარგმანს საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახური ავრცელებს.