პიტერ სიიარტო - ბრიუსელში გამეფებულია ომის ფანატიზმი, იდეები, რასაც ევროპელი ომის მომხრე პოლიტიკოსები აჟღერებენ, ძალიან სახიფათოა
პიტერ სიიარტო - ბრიუსელში გამეფებულია ომის ფანატიზმი, იდეები, რასაც ევროპელი ომის მომხრე პოლიტიკოსები აჟღერებენ, ძალიან სახიფათოა

ბრიუსელში, საგარეო საქმეთა საბჭოს ბოლო სხდომაზე ბევრმა მინისტრმა თქვა, რომ ევროკავშირი არ არის მზად მშვიდობისთვის, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ ბრიუსელი, ევროკავშირი და დასავლეთ ევროპის ქვეყნები ღიად უთხრიან ძირს სამშვიდობო ძალისხმევას.

სიიარტოს განმარტებით, „იდეები, რასაც ევროპელი ომის მომხრე პოლიტიკოსები აჟღერებენ, ძალიან სახიფათოა“.

„ბრიუსელში როცა მიდიხართ და მონაწილეობთ იქაურ შეხვედრებში, დაინახავთ, რომ ბრიუსელში გამეფებულია ომის ფანატიზმი. კი, ომის ფანატიზმი. სინამდვილეში, საგარეო საქმეთა საბჭოს ბოლო სხდომაზე ბევრმა მინისტრმა თქვა – სიტყვა სიტყვით მოვიყვან ციტატას — რომ ევროკავშირი არ არის მზად მშვიდობისთვის. ეს არის ძალიან, ძალიან სერიოზული განცხადება, რადგან ნიშნავს, რომ ბრიუსელი, ევროკავშირი და დასავლეთ ევროპის ქვეყნები ღიად უთხრიან ძირს სამშვიდობო ძალისხმევას და მათ ინტერესებში არ შედის, რომ ამერიკელებმა და რუსებმა მიაღწიონ ყოვლისმომცველ შეთანხმებას, რომლის ნაწილიც უნდა იყოს მშვიდობა უკრაინაში. ევროპელებს რომ ხელი არ შეეშალათ პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევისთვის ბოლო ერთ წელზე ცოტა მეტი ხნის განმავლობაში, დარწმუნებული ვარ, მშვიდობა უკვე მიღწეული იქნებოდა. ევროპელები თავიდანვე განიხილავდნენ ამ ომს ისე, თითქოს მათი ომი იყო. როგორც ამბობენ – „ეს ჩვენი ომია“. სინამდვილეში, ეს ნამდვილად არ არის ჩვენი ომი, რადგან რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, მაგრამ არა ევროკავშირის ან ნატო-ს რომელიმე წევრ ქვეყანას. ასე რომ, ისეთი აღქმის შექმნა, თითქოს ეს იყოს ომი რუსეთსა და ევროპას შორის, რუსეთსა და დასავლეთს შორის, უბრალოდ არ შეესაბამება სიმართლეს და ძალიან სახიფათოა. ასეთ აღქმას თუ შექმნით, მაშინ ეს აღქმა, შეიძლება, რეალობად იქცეს. და ეს თუ მოხდება, დიდი ტრაგედიაა, რადგან ყველამ ვიცით, რომ ნატო-ს, დასავლეთსა და რუსეთს შორის შეიარაღებული კონფლიქტის დაწყება ნიშნავს მესამე მსოფლიო ომს. და სიმართლე გითხრათ, 21-ე საუკუნეში ჩვენ არ გვინდა ისეთი რამ, როგორიც მესამე მსოფლიო ომია. ასე რომ, იდეები, რასაც ევროპელი ომის მომხრე პოლიტიკოსები აჟღერებენ, ძალიან სახიფათოა“, – აღნიშნა პიტერ სიიარტომ.

სიიარტო ამბობს, რომ ესენი არიან ოფიციალური პირები, ევროკავშირის ამჟამინდელი ლიდერები.

„ურსულა ფონ დერ ლაიენი, მანფრედ ვებერი, ნებისმიერი, ვინც იღებს გადაწყვეტილებებს ქვეყნების შესახებ“, – განაცხადა სიიარტომ.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, „ევროპის სახალხო პარტია“ დღეს ომის ყველაზე მეტად მომხრე პოლიტიკური პარტიაა ევროპაში.

„თქვენ ხედავთ, რომ ბევრი დასავლეთ და ჩრდილოეთევროპელი პოლიტიკური ლიდერი აკეთებს განცხადებებს, რომლებიც უფრო მეტად ახდენს ომისა და დაძაბულობის ესკალაციას, ვიდრე მათ განმუხტვას. სამწუხაროდ, ეს ასეა. ასე რომ, ეს პოლიტიკოსები უთხრიდნენ ძირს პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევას, ეს არის ძალიან სახიფათო და ძალიან ცუდი“, – აცხადებს პიტერ სიიარტო.