პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ უნგრეთის მთავრობისთვის პუტინის მეგობრის იარლიყის მიწებება არასამართლიანია
პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ უნგრეთის მთავრობისთვის პუტინის მეგობრის იარლიყის მიწებება არასამართლიანია

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ უნგრეთის მთავრობისთვის პუტინის მეგობრის იარლიყის მიწებება არასამართლიანია.

უნგრული მედიის ინფორმაციით, სიიარტომ ამის შესახებ ჰარვარდის უნივერსიტეტში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.

სიიარტომ ევროკავშირის საგანგებო სამიტზე უკრაინისთვის ფინანსური დახმარების სახით 50 მილიარდი ევროს დამტკიცებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, იმისთვის, რომ უნგრეთს დახმარების პაკეტისთვის მხარი დაეჭირა, ორი მნიშვნელოვანი წინაპირობა ჰქონდა, რომლებიც შესრულდა, ამიტომ ერთობლივ გადაწყვეტილებაზე ვეტოს დადების საჭიროება აღარ იყო. თუმცა, საგარეო საქმეთა მინისტრს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რა მოთხოვნებზე იყო საუბარი.

სიიარტოს აზრით, უნგრეთის მთავრობა ხშირად აყენებს მნიშვნელოვან საკითხებს, სხვები კი ისე იქცევიან, თითქოს არაფერი მომხდარა, ეს კი აჩვენებს იმას, რომ, რეალურად, არ არსებობს სივრცე სტრატეგიულ პრობლემებზე რაციონალური დიალოგისთვის და სიტუაცია უარესდება.

„ჩვენ თუ წამოვაყენეთ საკითხი, პასუხი არა დისკუსიას ან გამოსავლის მოძებნას, არამედ ჩვენთვის პუტინის მეგობრების, კრემლის პროპაგანდისტების ან რუსი აგენტების იარლიყის მიკერებას ეხება“, – თქვა სიიარტომ.

​მინისტრის განცხადებით, უნგრეთის მთავრობა ყოველთვის გულწრფელია თავისი სტრატეგიისა და მიზნების მიმართ, რაც ქვეყანაში არსებული უნიკალური პოლიტიკური სტაბილურობის დამსახურებაა.