პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ ბუდაპეშტი დაბლოკავს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებას და უკრაინისთვის დამატებითი დახმარების გამოყოფას
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ ბუდაპეშტი კვლავ დაბლოკავს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებას და უკრაინისთვის დამატებითი დახმარების გამოყოფას. სიიარტომ ასევე ხაზი გაუსვა, რომ უნგრეთი შეეცდება, ხელი შეუშალოს ბრიუსელს „რუსეთსა და აშშ-ის შორის სამშვიდობო შეთანხმების“ ბლოკირებაშიც. ამის შესახებ მან „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.
როგორც სიიარტომ აღნიშნა, მისი აზრით, ახლა გაჩნდა მშვიდობის შანსი, ხოლო უნგრეთის პოზიცია ყოველთვის ის იყო, რომ მხოლოდ აშშ-სა და რუსეთს შორის შეთანხმებას შეუძლია უკრაინაში ომის დასრულება.
„ჩვენს ფუნდამენტურ ინტერესებშია, ეს მოლაპარაკებები წარმატებული იყოს. სწორედ ამიტომ ვართ შეშფოთებული ომის მომხრე ევროპელი ლიბერალების შეთქმულებით, რომლებიც ცდილობენ ამ შეთანხმების დაბლოკვას“, – აღნიშნა მან.
„სწორედ ამიტომ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შესაძლებელია, რათა ბრიუსელმა და ომის მომხრე ევროპელებმა ვერ შეძლონ აშშ-სა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების დაბლოკვა“, – ხაზი გაუსვა სიიარტომ.
მისივე თქით, უნგრეთი აპირებს წინააღმდეგობის გაწევას ბრიუსელში ზეწოლისთვის, რომელსაც ბუდაპეშტი ელოდება ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე.
„სამი წელი ვუწევდით წინააღმდეგობას ზეწოლას, სამი წელი უარს ვამბობდით იმაზე, რომ მათ სამხედრო პოლიტიკაში შევეთრიეთ, ახლაც გავუძლებთ!“ – წერს სიისარტო.
„ჩვენ არ დავეთანხმებით ფიზიკური პირებისთვის სანქციების რეჟიმის გაფართოების დაჩქარებას, ჩვენ არ დავეთანხმებით ათობით მილიარდი ევროს გადახდას იარაღის მიწოდებისთვის, ხოლო როდესაც საქმე ეხება უსაფრთხოების გარანტიებს, ჩვენ არ დავსვამთ კითხვას, რა უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება უკრაინას, ჩვენ ვიკითხავთ, რა უსაფრთხოების გარანტიები გვჭირდება ჩვენ, უნგრელებს“, – განაცხადა სიიარტომ.
შეგახსენებთ, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ევროკავშირის საბჭოს სხდომის დაწყების წინ განაცხადა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-16 პაკეტის შესაძლო დამტკიცებისა და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ ახალი ინიციატივის თაობაზე.