პიტერ დე ბაანი - საქართველოში აგვისტოს ომის მსხვერპლთა დახმარების პროგრამის დაწყება დაზარალებულთა ფონდისთვის მნიშვნელოვანია
პიტერ დე ბაანი - საქართველოში აგვისტოს ომის მსხვერპლთა დახმარების პროგრამის დაწყება დაზარალებულთა ფონდისთვის მნიშვნელოვანია

საქართველოში აგვისტოს ომის მსხვერპლთა დახმარების პროგრამის დაწყება მნიშვნელოვანია დაზარალებულთა ფონდისთვის, რადგან ეს არის ფონდის პირველი პროგრამა აფრიკის კონტინენტის ფარგლებს გარეთ, – ამის შესახებ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაზარალებულთა ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა პიტერ დე ბაანმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, დახმარების პროგრამა, რომელსაც დაზარალებულთა ფონდი საქართველოში იწყებს, არ წარმოადგენს რეპარაციის პროგრამას.

„დაზარლებულთა ნდობის ფონდი შეიქმნა რომის სტატუტის სისტემაში, როგორც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან მომუშავე პირველი ფონდი. დაზარალებულთა ნდობის ფონდი შეიქმნა იმ იდეით, რომ მსხვერპლმა უნდა მიიღოს სარგებელი სამართლის შედეგად, როგორც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მათი პოზიციის განცხადებით, ასევე რეპარაციების ან მათი მხარდაჭერის სხვა საქმიანობის შედეგად კონკრეტული სარგებლის მიღებით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დახმარების პროგრამა, რომელსაც დაზარალებულთა ნდობის ფონდი იწყებს საქართველოში, არ არის რეპარაციის პროგრამა, რადგან ეს ხდება მხოლოდ მსჯავრის დადების შემდეგ და საქართველოსთან დაკავშირებით ამ სიტუაციასთან ჯერ ახლოს არ ვართ.

ვინაიდან ბრალდებულებისთვის მსჯავრის დადება და კომპენსაციის მატერიალიზებას შესაძლოა, საკმაოდ დიდი დრო დასჭირდეს, დაზარალებულთა ნდობის ფონდს ეძლევა მანდატი, სასამართლოს იურისდიქციაში არსებულ ქვეყნებში დამოუკიდებლად დაეხმაროს მსხვერპლს დანაშაულის ჩადენის შესახებ კითხვის დასმის გარეშე.

საქართველოში მსხვერპლთა დახმარების პროგრამის დაწყება მნიშვნელოვანია დაზარალებულთა ნდობის ფონდისთვის, რადგან ეს არის ფონდის პირველი პროგრამა აფრიკის კონტინენტის ფარგლებს გარეთ. ჩვენ დამოკიდებულები ვართ ნებაყოფლობით შემოწირულობებზე, რომლებიც გვეხმარება პორგრამების დაფინანსებაზე. ჩვენ შევძელით საწყის ეტაპზე 600 ათასი ევროს გამოყოფა და გავაგრძელებთ სახსრების მოძიებას კერძო და საჯარო დონორებთან, რათა შევძლოთ, საჭიროების შემთხვევაში გავაფართოვოთ აღნიშნული პროგრამა“, – განაცხადა პიტერ დე ბაანმა.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაზარალებულთა ფონდის დირექტორატი (TFV)  2008 წლის აგვისტოს ომის მსხვერპლთათვის 600 000 ევროს მოცულობის დახმარების სამწლიან პროგრამას იწყებს.