პიტ ჰეგსეტი – იმპიჩმენტის პროცედურა საბოტაჟია, ის ჩვენს მტრებს ეუბნება, რომ აშშ დასჯის საკუთარ მეომრებსა და სამოქალაქო ხელმძღვანელობას კანონიერი სამხედრო ოპერაციების წარმატებით ჩატარებისთვის
აშშ-ის ომის მდივნის, პიტ ჰეგსეტის განცხადებით, რესპუბლიკელი კონგრესმენის, თომას მესის მცდელობა, დაიწყოს მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა, ფარსია.
ამის შესახებ ჰეგსეტმა პენტაგონში პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პიტ ჰეგსეტმა თომას მესის ინიციატივას უპასუხისმგებლობა და ერთი უკმაყოფილო და დამარცხებული კონგრესმენის მცდელობა უწოდა. მისი თქმით, კონგრესმენის ქმედებები „ეგოთი და წყენით“ არის განპირობებული.
„ფარსი და ტრიუკია. არცერთი ომის მდივანი არ დასჯილა იმპიჩმენტით კანონიერი სამხედრო ოპერაციების ჩატარებისთვის“, – განაცხადა პიტ ჰეგსეტმა.
მისივე თქმით, ეს პროცესი მოწინააღმდეგეებს „პროპაგანდისტულ გამარჯვებას“ მისცემს და აშშ-ის მთავრობა გააგრძელებს იმ საქმის შესრულებას, რისთვისაც ამერიკელმა ხალხმა პრეზიდენტი ტრამპი აირჩია.
ჰეგსეთის თქმით, მსგავსი სახის დივერსიის მცდელობები ადრეც უნახავს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ 2019 და 2021 წლებში. მისივე თქმით, მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მცდელობები, ფაქტობრივად, სამხედრო მოსამსახურეების მიზანში ამოღების მცდელობაა და იმპიჩმენტის რეზოლუციები სამხედრო მოსამსახურეებს ეუბნება, „რომ მათი სამსახური დანაშაული იყო“.
„ორივეჯერ დამარცხდნენ, ხოლო ტრამპი უფრო ძლიერი დაბრუნდა. ეს რეზოლუცია ეუბნება ჩვენს მტრებს – ირანს, კარტელებს, ყველა მოწინააღმდეგეს, რომელიც გვაკვირდება, რომ შეერთებული შტატები რეალურად დასჯის საკუთარ მეომრებს და საკუთარ სამოქალაქო ხელმძღვანელობას კანონიერი სამხედრო ოპერაციების წარმატებით ჩატარებისთვის. ეს არ არის პატრიოტიზმი. ეს საბოტაჟია“, – განაცხადა ჰეგსეტმა.
სიტყვით გამოსვლისას ომის მდივანმა ასევე დაიცვა ირანის წინააღმდეგ აშშ-ის პრეზიდენტის პოზიცია და მას „სწორი საქციელი“ უწოდა. მისივე თქმით, ირანის საზღვაო, საჰაერო ძალები და ბირთვული ბაზები განადგურებულია.
„პრეზიდენტ ტრამპს რთული და სწორი ქმედება ჰქონდა ამერიკის უსაფრთხოებისა და დაცულობისთვის“, – განაცხადა ჰეგსეტმა.
ცნობისთვის, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, თომას მესიმ 9 ნოემბერს პიტ ჰეგსეტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის რვა მუხლი წარადგინა. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ჰეგსეტმა ირანის წინააღმდეგ ომი კონგრესის ნებართვის გარეშე დაიწყო და ძალაუფლება ბოროტად გამოყენა.