2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში საზოგადოებრივი მაუწყებელი ანგარიშვალდებულად მიიჩნევს თავს, საზოგადოებას მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია. ამ თვალსაზრისით, ეფექტიანობის გასაზომად კი მიმდინარეობს ეთერის მონიტორინგი.
მონიტორინგის მიზანია, წინასაარჩევნო პერიოდში შეისწავლოს რაოდენობრივი თვალსაზრისით პოლიტიკური სუბიექტების მონაწილეობა სატელევიზიო საინფორმაციო გამოშვებებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებში. უზრუნველყოფს თუ არა პირველი არხი მოქალაქეებს სათანადო ინფორმაციით, რათა მათ ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ.
როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ თინათინ ბერძენიშვილმა განაცხადა, წინასაარჩევნო პერიოდისთვის საზოგადოებრივ მაუწყებელში შეიქმნა მონიტორინგის სამსახური, რომელიც პირველი არხისა და რადიო პირველი არხის ეთერის მონიტორინგს დაიწყებს.
მისი თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც პასუხისმგებლიანი მედია, ყოველთვის მზად არის, გამოაქვეყნოს კვლევის შედეგები და სწორედ ამ მიმართულებით დაიწყო მუშაობა.
„ეს შეეხება როგორც ყველა საინფორმაციო გამოშვებას, ასევე პირველი არხის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თოქ-შოუებს, რადიოს თოქ-შოუებს, რაც მთავარია, ახალ ფორმატს „დებატები 2018“-ს, რომელიც 4 ოქტომბერს დავიწყეთ. მონიტორინგი დაიწყო პირველი ოქტომბრიდან და პირველ შედეგებს ვნახავთ ოთხშაბათს, სწორედ ოთხშაბათობით გამოქვეყნდება ერთკვირიანი კვლევის შედეგები ვებპორტალზე 1tv.ge.
პირველი არხის ეთერის მონიტორინგი, პირველ რიგში, ემსახურება საზოგადოების ინფორმირებას, რადგან მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ ყველა კანდიდატის საარჩევნო პროგრამა გაიცნოს. ჩვენი მონიტორები არიან საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია და საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელთა შედეგებს ვნახავთ და გავითვალისწინებთ. თუმცა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შექმნა მონიტორინგის ჯგუფი, რათა როგორც პასუხისმგებლიანმა მედიამ, აწარმოოს და გამოაქვეყნოს შედეგები“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.
ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორის, გიორგი გვიმრაძის თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში მომზადებული მედიაპროდუქტები მნიშვნელოვანია, რათა მაყურებელმა კარგად იცოდეს, რას ჰპირდებიან პრეზიდენტობის კანდიდატები მოსახლეობას.
„რამდენად კარგად ესმით კანდიდატებს დღევანდელი საკონსტიტუციო რეალობა და პრეზიდენტის ფუნქციები, ინსტიტუციის არსი და სხვა. სამივე ფორმატის გადაცემებში, საზოგადოებრივი მაუწყებელი სთავაზობს კანდიდატებს, ჩამოაყალიბონ, რა არის მათი ხედვა და პროგრამა. ეს ყველაფერი, იმედი გვაქვს, მაყურებელს სწორი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას მისცემს“, – განაცხადა გიორგი გვიმრაძემ.
პირველი არხის სამაუწყებლო ეთერის მონიტორინგი მიმდინარეობს პირველი ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით, primetime-სა და off time-ში.
მონიტორინგი მოიცავს საინფორმაციო და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებს: მოამბე ( 07,30; 08,00; 08,30; 09,00; 10,00; 12,00; 15,00; 18,00; 21,00), „დღის თემა“, „აქტუალური თემა“, „საარჩევნო 10 წუთი“, „ახალი კვირა“, „კვირის ინტერვიუ“, ასევე რადიოგადაცემებს: „ღია სტუდია“, „საღამოს პიკის საათი“. მიმდინარე მონიტორინგის დროს იზომება: სუბიექტებისთვის დათმობილი დრო; გენდერული კომპონენტი, ბალანსი; პირდაპირი და ირიბი საუბარი; გაშუქების ტონი.