პირველი თებერვლიდან, თბილისის, ქუთაისის და რუსთავის გარდა, სწავლა დაიწყება საკლასო ოთახებში, ხოლო თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში სწავლა გაგრძელდება პირველი მარტიდან
პირველი თებერვლიდან, თბილისის, ქუთაისის და რუსთავის გარდა, სწავლა დაიწყება საკლასო ოთახებში, ხოლო თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში სწავლა გაგრძელდება პირველი მარტიდან

პირველი თებერვლიდან მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, გარდა თბილისის, ქუთაისისა და რუსთავისა, სკოლები სასწავლო პროცესს გააგრძელებენ საკლასო ოთახებში. რაც შეეხება თბილისს, რუსთავს და ქუთაისს, ჩვენი გეგმის მიხედვით, დასწრებული ფორმით სწავლა გაგრძელდება პირველი მარტიდან, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, უწყებათაშორის საბჭოზე, ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების რეკომენდაციების საფუძველზე, მიღებული იქნა სკოლებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.

„კერძოდ, პირველი თებერვლიდან მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, გარდა, თბილისის, ქუთაისის და რუსთავისა, სკოლები სასწავლო პროცესს გააგრძელებენ საკლასო ოთახებში. რაც შეეხება თბილისს, რუსთავს და ქუთაისს, ჩვენი გეგმის მიხედვით, დასწრებული ფორმით გაგრძელდება პირველი მარტიდან, ეს რასაკვირველია, დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე. აქვე მინდა დავძინო, რომ 15 თებერვალს მოხდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეფასება კონკრეტული ეპიდსიტუაციის, თუ შვიდი დღის მაჩვენებელი ჩამოსულია 4 პროცენტამდე, შესაბამისად, შემდგომი შემსუბუქების პროცედურები დაიწყება.

ჩვენ პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ყველას გვინდა, ყველა სკოლაში სასწავლო პროცესი იყოს ბუნებრივ გარემოში, სკოლაში და საკლასო ოთახებში, ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ეს ასე მოხდეს. ყველას კარგად გვესმის, რომ ეს არის სწორედ ის ბუნებრივი გარემო, სადაც სასწავლო პროცესი უნდა მიმდინარეობდეს და აქედან გამომდინარეობს ჩვენი გეგმაც. სასწორის მეორე მხარეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხი, ეს არის ჩვენი ბავშვების ჩვენი შვილების ჯანმრთელობა. სწორედ ამ პრინციპების გათვალისწინებით, არის ეს გადაწყვეტილებები მიღებული“, – განაცხადა ჩხენკელმა.

მისივე თქმით, სკოლებში, სადაც უკვე დასწრებული ფორმით იქნება სასწავლო პროცესი განახლებული, მასწავლებლების ტესტირება იქნება რეგულარული.

„ყოველ ორ კვირაში მოხდება მასწავლებლების სისტემატური ტესტირება, ასევე სამინისტრო ყოველთვის ამ პრინციპს იცავდა, რომ სკოლებში, ისევე, როგორც სხვა სასწავლო დაწესებულებებში, უნივერსიტეტებში და პროფესიულ სასწავლებლებში სამედიცინო პროტოკოლი იქნება ზედმიწევნით დაცული. ეს იქნება უმაღლეს დონეზე დაყენებული საკითხი.

რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, პროფესიულ სასწავლებლებს და უმაღლეს სასწავლებლებს, მოქმედი რეგულაციები ნარჩუნდება პირველ მარტამდე. როგორც მოგახსენეთ, 15 თებერვალს კიდევ ერთხელ მოხდება ეპიდსიტუაციის შეფასება, თუ შვიდი დღის მაჩვენებელი 4 პროცენტამდე დაიწევს მოხდება შემდგომი შემსუბუქების განხილვა“, – განაცხადა მინისტრმა.