პირველი თებერვლიდან დარეგისტრირებული ორსულებისთვის ექიმთან უფასო ვიზიტების რაოდენობა გაიზარდა
პირველი თებერვლიდან დარეგისტრირებული ორსულებისთვის ექიმთან უფასო ვიზიტების რაოდენობა გაიზარდა

ე.წ. ორსულის ვაუჩერით გათვალისწინებული, ექიმთან ვიზიტების რაოდენობა გაორმაგდა და ნაცვლად ოთხისა რვა გახდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რვა ვიზიტით პირველი თებერვლიდან დარეგისტრირებული ორსულები ისარგებლებენ. ვიზიტები მოიცავს როგორც მეან-გინეკოლოგის კონსულტაციას, ასევე ულტრაბგერით გამოკვლევას და ანალიზებს.

თუ მანამდე „უფასო ვიზიტები“ გათვალისწინებული იყო 13 კვირის ორსულობის ვადამდე, 18-20 კვირაზე, 30-32 კვირაზე და ორსულობის 34-36-38 კვირაზე, ახალი გრაფიკი ასეთია: უცვლელად რჩება ვიზიტები 13 კვირამდე და 18-20 კვირაზე, ამას ემატება ვიზიტი 26-ე კვირაზე, მეოთხე „უფასო“ ვიზიტი ორსულმა უნდა დაგეგმოს 30-ე კვირაზე, მეხუთე – 34-ზე, მეექვსე 36-ე კვირაზე, მეშვიდე 38-ზე, ხოლო მერვე მე-40-ზე.

აღნიშნული პროგრამით მოსარგებლეა საქართველოს ყველა მოქალაქე, ასევე საქართველოში მუდმივად მცხოვრები ყველა ორსული.

სერვისების მისაღებად, ორსულმა ორსულობის 13 კვირის ვადამდე უნდა მიმართოს პროგრამის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებას, სადაც მოხდება მისი რეგისტრაცია. ამავე სამედიცინო დაწესებულებიდან გაიცემა მათზე ფოლიუმის მჟავა.

საჭიროების შემთხვევაში, რკინის პრეპარატის მიღებას, სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული რეცეპტის და პირადობის მოწმობის საფუძველზე, ორსული შეძლებს აფთიაქებიდან. პროგრამით გათვალისწინებული ყველა სერვისი სრულად ანაზღაურდება სახელმწიფოს მხრიდან და არ ითვალისწინებს თანაგადახდას ბენეფიციართათვის.

 

დატოვე კომენტარი