პირველი შეხვედრა განახლებულ „რამაზ შენგელია არენაზე“ - „მართვე“ „ნორჩ დინამოს“ დაუზავდა #1TVSPORT
ქუთაისში, განახლებულ „რამაზ შენგელია არენაზე“ პირველი შეხვედრა გაიმართა. საქართველოს ქალთა ლიგაში ადგილობრივი „მართვე“ თბილისის „ნორჩ დინამოს“ დაუპირისპირდა და ქულა მოიპოვა – 1:1.
ევრო 2023-ისთვის მზადების ფარგლებში, უეფა-ს წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა სტადიონზე შეხვედრის ორგანიზებისთვის საჭირო ტექნიკური დეტალები და საოპერაციო სისტემა გამოსცადეს.
ქუთაისის „რამაზ შენგელია არენა“ 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის C ჯგუფის (გერმანია, ინგლისი, ჩეხეთი, ისრაელი) მატჩებს და ერთ მეოთხედფინალურ დაპირისპირებას უმასპინძლებს.
ევრო 2023 საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება. თამაშები საქართველოს კიდევ ორ ქალაქში, თბილისსა და ბათუმში ჩატარდება. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას 8 ივლისს „ბათუმი არენა“ უმასპინძლებს. მატჩებზე დასასწრები ბილეთების შეძენა სპეციალურ ვებგვერდზე, under21tickets.ge-ზეა შესაძლებელი.