პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ახალი კოვიდინფიცრებული პაციენტი 13 წლის მოზარდია
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ახალი კოვიდინფიცრებული პაციენტი 13 წლის მოზარდია

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას ახალი კოვიდინფიცრებული პაციენტი ჰყავს, რომელიც 13 წლის მოზარდია.

კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ის ინფექციონისტებისა და პედიატრების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

„დღეს ჩვენს კლინიკაში 38 ინფიცირებულია მოთავსებული. შემოგვემატა ერთი, 13 წლის ბავშვი, რომელიც არის კივიდინფიცირებული. ბავშვის მდგომარეობა ამ ეტაპზე არის სტაბილური, იმყოფება ინფექციონისტებისა და პედიატრების მეთვალყურეობის ქვეშ“, – განაცხადა რატიანმა.

ამასთან, მისი თქმით, კლინიკაში დაახლოებით ათი დღის წინ მარნეულიდან შეყვანილი 62 წლის ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია. ის კონტაქტურია და სავარაუდოდ, ხვალ თერაპიულ განყოფილებაში გადაიყვანენ.

ასევე, რატიანის ინფორმაციით, მკვეთრად გაუმჯობესდა 80 წლის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაც. დღეს იგეგმება ფილტვის ხელოვნური ვენტილაციიდან მისი მოხსნა. გარდა ამისა, კოვიდინფიცირებულებს შორის არის ორი ფეხმძიმე ქალი.

„80 წლის ქალბატონი, რომელიც არის რომანოვების კლასტერი, ცოტა ხნის წინ გავსინჯე, პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად დადებითია, ჰემოდინამიკა აღდგენილია, სუნთქვის პარამეტრები გაუმჯობესებულია, ქალბატონთან რამდენიმე საათში იგეგმება ფილტვის ხელოვნური ვენტილაციიაზე მოხსნა. 22 კვირის ორსულის მდგომარეობა ამ ეტაპზე მკვეთრად დადებითია, ფიზიოლოგიურ პირობებში იმყოფება. რაც შეეხება მეორეს, ის 19 წლის ქალბატონია, რვა კვირის ორსულობით, აქაც ფიზიოლოგიურ პარამეტრებშია, როგორც ნაყოფი, ისე დედა.

ჩვენი კლინიკა დინამიურად იღებს პაციენტებს, აღნიშნულიდან გამომდინარე, ვემსახურებით საქართველოს კრიტიკულ პაციენტებს“, – განაცხადა ლევან რატიანმა.