პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან ბოლო 24 საათში რვა გამოჯანმრთელებული პაციენტი ეწერება, ხვალ კი შესაძლოა, საავადმყოფო 17-მა პირმა დატოვოს
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან ბოლო 24 საათში რვა გამოჯანმრთელებული პაციენტი ეწერება, ხვალ კი შესაძლოა, საავადმყოფო 17-მა პირმა დატოვოს

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან ბოლო 24 საათში რვა გამოჯანმრთელებული პაციენტი ეწერება, 17-მა კი შესაძლოა, კლინიკა ხვალ დატოვოს.

კლინიკის ექიმის, ლევან რატიანის განცხადებით, 17 პაციენტზე პირველადი ტესტის პასუხები უარყოფითია და მათ კორონავირუსზე განმეორებითი კვლევა ჩაუტარდებათ.

„რაც ჩვენ ვემსახურებით ქვეყანას კოვიდინფექციასთან დაკავშირებით, დაახლოებით 700-მდე საეჭვო შემთხვევა იყო სულ შემოყვანილი კლინიკაში, აქედან 119 დადასტურებული შემთხვევა გვყავდა. ამ ეტაპზე კლინიკაში არის 90 ინფიცირებული, დღეისათვის 8 პაციენტი ეწერება, ბოლო 24 საათში, რაც ყველაზე მეტად გვახარებს, რადგან ამდენი პაციენტი არასდროს გაგვიწერია კლინიკიდან. ასევე პირველადი უარყოფითი პასუხები მოსულია დაახლოებით 17, ველოდებით განმეორებით ტესტის პასუხს, თუ ხვალ მოვიდა 17 უარყოფითი ორჯერადად, ხვალ 17 დატოვებს კლინიკას. ამ ეტაპზე ჩატარებული კლინიკურ-ლაბორატორული კვლევებით არც ერთ ამ პაციენტთან არანაირი კლინიკური გამოვლინებები, არანაირი პათოლოგია არ ვლინდება“, – განაცხადა რატიანმა.

ამასთან, რატიანი ამბობს, რომ საუნივერსიტეტო კლინიკიდან გუშინ გაეწერა ერთი მედპერსონალი, რომელიც სხვა საავადმყოფოდან იყო გადაყვანილი.