პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა დღეს ხუთმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა დღეს ხუთმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა

თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ დროისთვის 43 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 30 კორონავირუსით ინფიცირებულია.

კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, ერთი პაციენტია მოთავსებული რეანიმაციულ განყოფილებაში, მისი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური.

ტურძელაძის თქმით, კლინიკა დღეს ხუთმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა.

„ამჟამად ჩვენს კლინიკაში არის 43 პაციენტი, მათ შორის არის 31 კორონავირუსით ინფიცირებული. აქედან ერთი პაციენტი წევს რეანიმაციულ განყოფილებაში, დანარჩენები კი მკურნალობენ ინტენსიური თერაპიის ბლოკებში. გვყავს სამი ორსული პაციენტი, რომლებსაც კორონავირუსი აქვთ დადასტურებული. მათი მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება გაწერას, ჯერ გავწერეთ ხუთი პაციენტი. აღებული გვაქვს კიდევ შვიდი მეორადი ტესტი. თუ ტესტი იქნება უარყოფითი, ხვალაც რამდენიმე პაციენტს გავწერთ კლინიკიდან. ერთი არასრულწლოვანი დღეს გამოჯანმრთელდა, თუმცა კლინიკა ჯერ არ დაუტოვებია, მშობელი წევს ჩვენთან და ერთად დატოვებენ ხვალ კლინიკას.

რაც შეეხება მეორე არასრულწლოვანს, ის ჯერ გააგრძელებს მკურნალობას. დღეს ჩვენ ახალი ინფიცირებული არ გვყოლია, გუშინ მივიღეთ მხოლოდ ერთი ორსული პაციენტი, ექვსი თვის ორსულია“, – აცხადებს თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორი.

საქართველოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის 695 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 425 გამოჯანმრთელდა.