პირველი რესპუბლიკის მოედანზე „თავისუფლების მარშისთვის“ ემზადებიან

პირველი რესპუბლიკის მოედანზე მსვლელობის  – „თავისუფლების მარშის“  მონაწილეები უკვე იკრიბებიან.

აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, მსვლელობის მონაწილეები პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედანზე გაემართებიან, თავისუფლების მოედანს წრეს დაარტყამენ და აქცია წინა დღეების მსგავსად, პარლამენტის შენობის წინ გაგრძელდება.

„პროტესტის მეათე დღეს გადავწყვიტეთ მარში მოგვეწყო. ჩვენი ინფორმაციით, ბევრი ადამიანი გვიერთდება, მათ შორის რეგიონებიდან. დღეს განსხვავებული ფორმატია, რადგან ოპოზიციური სპექტრის მხარდამჭერები შემოგვიერთდებიან.

დავიძრებით რესპუბლიკის მოედნიდან და ჩავალთ თავისუფლების მოედანზე. ჩვენი პროტესტი გრძელდება, სანამ მესამე, რიგით ბოლო მოთხოვნა  – შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა არ იქნება შესრულებული“, – განაცხადა აქციის ორგანიზატორმა, გიგა მაქარაშვილმა.

მისი თქმით, აქციის მონაწილეებს ექნებათ დროშები, ტრანსპარანტები, ასევე იქნება ერთი საერთო ტრანსპარანტი.

„ვეცდებით, შევქმნათ სანახობა, ერთგვარი პერფორმანსი, რათა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, დონორმა ქვეყნებმა ნახონ, რომ არ ვართ დესტრუციული ძალა, ვართ უბრალოდ გაბრაზებული მოქალაქეები“, – აღნიშნა მაქარაშვილმა.

მსვლელობას ფილარმონიის ტერიტორიიდან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ხოლო რუსთაველიდან „ევროპული საქართველოს“ წევრები შეუერთდებიან. აქციას უერთდებიან რეგიონებიდანაც.