პირველი რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში დასკვნითი კონცერტი გაიმართა
პირველი რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში დასკვნითი კონცერტი გაიმართა

საქართველოს პირველი რესპუბლიკის მოედანზე 2020 წლის საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში ბოლო, დასკვნითი კონცერტი გაიმართა.

კონცერტს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილეებთან ერთად დაესწრო.

„დღეს ჩვენი საახალწლო ღონისძიებები მთავრდება. ასევე, ჩვენი საახალწლო სოფელი, რომელიც მართლაც ულამაზესი იყო, იხურება. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ ღონისძიებების მოწყობაში. მინდა, მადლობა გადავუხადო მედიას, რადგან ყოველდღიურად აშუქებდნენ ღონისძიებებს. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ესტუმრა ჩვენს დედაქალაქს და საახალწლო სოფელს. წელს მართლაც განსაკუთრებულად ლამაზი იყო ჩვენი ქალაქი. ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა და უცხოურ მედიაშიც ბევრი პუბლიკაცია გამოქვეყნდა. ძველით ახალი წელი თენდება და მინდა, ყველას ჯანმრთელობა, სიხარული, სიყვარული და ბედნიერება გისურვოთ. 2020 წელი ყოფილიყოს ისეთი, როგორსაც თითოეული თქვენგანი ინატრებდა“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

დასკვნით კონცერტში მონაწილეობდნენ ლელა წურწუმია, ნინო ქათამაძე, სტეფანე მღებრიშვილი, სოფო ნიჟარაძე, ნატო მეტონიძე და დუეტი „ჯორჯია“. კონცერტზე ყველა ნომერი ცოცხლად, ბენდთან ერთად შესრულდა.

საახალწლო ისტორიები მაყურებელს წამყვანებმა – ბახვა ბრეგვაძემ, მანიკა ასათიანმა და თიკა ფაცაციამ უამბეს.

დატოვე კომენტარი