პირველი რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო გალაკონცერტის რეპეტიცია გაიმართა [ვიდეო]

თბილისი 2019 წლის დადგომას პირველი რესპუბლიკის მოედანზე გრანდიოზული გალა კონცერტით შეხვდება. გალაკონცერტის რეპეტიცია დღეს პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართა.

200-მდე შემსრულებელი სამი სივრცისგან შემდგარ სცენაზე გამოვა. თბილის მერიის ინფორმაციით, კონცერტზე წარმოდგენილი იქნება როგორც ნაცნობი ჰიტები, ისე საშობაო სიმღერები და ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, რომელიც კინომუსიკას შეასრულებს.

როგორც ჟურნალისტებს თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ განუცხადა, მთავარი კონცერტი რესპუბლიკის მოედანზე ზუსტად 11:00 საათზე დაიწყება და სამი საათის განმავლობაში გაგრძელდება.

„წელს გრანდიოზული გალაკონცერტია. სცენა სამი სივრცისგან შედგება. ეს ნიშნავს, რომ პირველ სცენაზე იდგებიან შოუბიზნესის ვარსკვლავები, რომლებიც ყველასათვის საყვარელ სიმღერებს იმღერებენ. მეორე სცენაზე იქნება საშობაო სიმღერები, ხოლო მესამე სცენაზე განთავსებულია ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, რომელიც ყველასათვის საყვარელი კინომუსიკას გააჟღერებს. მინდა, ყველას მოვუწოდო – გამოდით, რადგან ერთგვარი ტრადიციაა, რომ ყველა ერთად, ღია ცის ქვეშ, თბილისში ვხვდებით ახალ წელს. ძალიან საინტერესო კონცერტი იქნება. 200-მდე შემსრულებელი იდგება სცენაზე. ჩვენს ქართველ შემსრულებლებთან ერთად, იმღერებს „ნიუ იორკ ვოისი“, რომელიც ერთ-ერთი ცნობილი ამერიკული ჯაზბენდია. ხოლო მრავალჟამიერს სამი ანსამბლი ერთად შეასრულებს“, – განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.