პირველი ქვეითი ბრიგადის დაზვერვის ასეულმა საველე სიტუაციური სწავლება ჩაატარა
პირველი ქვეითი ბრიგადის დაზვერვის ასეულმა საველე სიტუაციური სწავლება ჩაატარა

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის დაზვერვის ასეულის სიტუაციური სწავლება დასრულდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოცეულის დონის შეფასებაზე ორიენტირებული გეგმიური საველე სწავლება ხუთი დღე-ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და მიზნად ისახავდა ქვედანაყოფის საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებას.

მათივე ინფორმაციით, წვრთნებში მონაწილე პირადი შემადგენლობა დაკისრებულ ამოცანებს სხვადასხვა ლოკაციაზე, მთაგორიან რელიეფზე, დღისა და ღამის პირობებში ასრულებდა. სწავლების განმავლობაში სადაზვერვო ქვედანაყოფები თვალთვალის ოპერაციებს ახორციელებდნენ და სადაზვერვო ინფორმაციას მოიპოვებდნენ.

სამხედრო მოსამსახურეების ძირითად დავალებებს რაიონის მარშრუტის რეკოგნოსცირება, საპატრულო ბაზისა და სათვალთვალო საგუშაგოს მოწყობა, სახიფათო რაიონის გადალახვა, ინფილტრაცია-ექსფილტრაცია, არაპირდაპირი ცეცხლის გამოძახება, კონტაქტზე რეაგირება, სწრაფი ჩასაფრების, გაქცევა-გადარჩენისა და სხვა ოპერაციების უზრუნველყოფა წარმოადგენდა.

წვრთნებში გამოყენებული იყო სასწავლო ხელყუმბარები, საკვამლე კოჭები, ფუჭი ვაზნები, მანათობელი პიროტექნიკა და სხვადასხვა ოპტიკური საშუალება.