პირველი მარტიდან მებაჟეებს ხელფასი გაეზრდებათ
პირველი მარტიდან მებაჟეებს ხელფასი გაეზრდებათ

გადავწყვიტეთ, რომ მიმდინარე წლის პირველი მარტიდან ხელფასები გავზარდოთ ყველა მებაჟისთვის, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

მაჭავარიანმა ფოთში გამართულ საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს დავოსიდან მიმართა.

მინისტრმა მებაჟე-ოფიცრებს საბაჟოს საერთაშორისო დღე მიულოცა და წარმატებები უსურვა.

„დღეს მსოფლიოს საბაჟო თანამეგობრობა აღნიშნავს მებაჟის საერთაშორისო დღეს. მინდა, გულითადად მოგილოცოთ ეს დღე, გისურვოთ წარმატებები. ახლა ვარ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დელეგაციასთან ერთად, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, აღარ მოვყვები რეფორმების შესახებ, რომელზეც არაერთხელ გვქონდა საუბარი, იქნებოდა ეს განახლებული ინფრასტრუქტურის, თუ საკანონმდებლო ბაზის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზების კუთხით, ასევე ელექტრონული სერვისების დანერგვის მხრივ. ამ სფეროში მართლაც ბევრი გვაქვს საამაყო.

მინდა, გამცნოთ, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება, მიმდინარე წლის პირველი მარტიდან ხელფასები გავზარდოთ ყველა მებაჟისთვის. მადლობას გიხდით კეთილსინდისიერი და თავდაუზოგავი შრომისთვის. ამ შრომას ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს” – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა საბაჟოს საერთაშორისო დღე ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში აღნიშნა. საზეიმო ღონისძიება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ლევან კაკავამ გახსნა.

დატოვე კომენტარი